შოიგუ: რუსეთი მანამდე არ განათავსებს ახალ რაკეტებს, სანამ ასევე მოიქცევა აშშ
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ 18 აგვისტოს განაცხადა, რომ მოსკოვი მანამდე არ განათავსებს ახალ რაკეტებს, სანამ აშშ ასევე მოიქცევა ევროპასა და აზიაში.
მისი თქმით, რუსეთი მზადაა აშშ-სთან დიალოგისთვის საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების თაობაზე. მან გაიმეორა მოსკოვის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადება, რომ ის არ გეგმავს ახალი რაკეტების განლაგებას.
„ჩვენი კარი ღიაა, ჯერაც გვჯერა, რომ სანამ აშშ ასეთ სისტემებს არ განალაგებს ევროპაში, არც ჩვენ გავაკეთებთ იმასვე. და სანამ აზიაში არ იქნება აშშ-ის რაკეტები, რეგიონში არ იქნება არც ჩვენი რაკეტები,“ განაცხადა შოიგუმ რუსეთის ტელევიზიით გამოსვლაში.
შოიგუს განცხადება უკანასკნელია რაკეტების თაობაზე უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ორი მხარის მიერ გაკეთებული განცხადებების სერიიდან, მას შემდეგ, რაც ივლისში აშშ და რუსეთი გამოვიდნენ საშუალო რადიუსის ბირთვული შეიარაღების თაობაზე ისტორიული ხელშეკრულებიდან, რომლის რატიფიკაცია 1988 წელს მოხდა.
ხელშეკრულებიდან გამოსვლა მოჰყვა აშშ-ისა და ნატოს წარმომადგენელთა მხრიდან ბრალდებებს, რომ რუსეთი არღვევს დოკუმენტის პირობებს.
ამ ხელშეკრულების გაუქმების შემდეგ გაჩნდა შიში, რომ მსოფლიოს ორ უდიდეს ბირთვულ სახელმწიფოს შორის შეიძლება დაიწყოს ახალი შეჯიბრი შეიარაღებაში.