მავთულხლართებით დაზარალებული სამი ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას მიიღებს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი გორში იმყოფებოდა გივი რაზმაძისა და ლავრენტი გუგუტიშვილის ოჯახებში, რომელთა სახლებიც სოფელ გუგუტიანთკარში უკანონოდ გავლებული მავთულხლართების მიღმა მოექცა.
„დღეს ვიმყოფებოდით გორში, რაზმაძისა და გუგუტიშვილის ოჯახში, იმ ადგილას, სადაც ისინი 2008 წლიდან ცხოვრობენ, მას შემდეგ, რაც აგვისტოს ომისა და რუსეთის ინტერვენციის შედეგად, გუგუტიანთკარში მათი სახლები დაიბომბა. დღეს აქ იმისათვის ვარ, რომ მთავრობის სახელით მათ მიმართ თანადგომა გამოვხატო და დახმარება კონკრეტული ფორმებით ვცადოთ. აქ საუბარია სოცალურ დახმარებასა და იმ სახლების დაკანონებაზე, რომლებშიც დღეს ცხოვრობენ. ასევე იმ შესაძლებლობაზე, რომ საკუთარ სოფელში სამეურნეო მიწის ნაკვეთი ჰქონდეთ, რათა ბმა არ დაკარგონ. ეს მათი სურვილია და, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს“, განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
ციხელაშვილის თქმით, სახელმწიფო ასევე დახმარებას აღმოუჩენს ამირან გუგუტიშვილის ოჯახს, რომლის სახლიც მავთულხლართების გავლების შემდეგ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოექცა, თუმცა მასზე წვდომა მაინც შეზღუდული აქვს. ამირან გუგუტიშვილის ოჯახი ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებს.
მინისტრის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, არა მხოლოდ დაზარალებულ სამ ოჯახს დაუდგეს გვერდით, არამედ მთლიანად სოფელ გუგუტიანთკარს და მავთულხლართებით გახლეჩილ ყველა სოფელს.