მაკრონი ირანთან მოილაპარაკებს, ზარიფი "დიდი შვიდეულის" შეხვედრის ქალაქ ბიარიცში ჩავიდა
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ის აპირებს ირანთან მოლაპარაკების გაგრძელებას მომავალ კვირებში, რათა შეეცადოს, შემცირდეს დაძაბულობა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო.
„დიდი შვიდეულის“ - მსოფლიოს წამყვანი სამრეწველო ქვეყნების ლიდერები საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში, სამდღიან სამიტს აგრძელებენ. სამიტის მთავარ თემებს შორისაა ირანის ბირთვული პროგრამა.
„გუშინ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა ისაუბრეს ირანის გარშემო და გამოიკვეთა ორი მიმართულება: „დიდი შვიდიანის“ არც ერთ წევრს სურს, რომ ირანს ჰქონდეს ბირთვული იარაღი და „დიდი შვიდიანის“ ყველა წევრი მომხრეა ამ რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობისა, თქვა მაკრონმა.
მაკრონი პარიზში შეხვდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს, მოჰამად ჯავად ზარიფს ორი დღით ადრე.
25 აგვისტოს, მაკრონის განცხადების შემდეგ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი ბიარიცში ჩავიდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან- ივ ლოდრიანის მიწვევით. სამინიტროს წარმომადგენლის თქმით, შეხვედრა აშშ-ის წარმომადგენელებთან ბიარიცში ჩასვლისას არ არის დაგეგმილი.
ფრანგულმა დიპლომატიურმა წყარომ განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა მაკრონს დავალება მისცეს „მოლაპარაკებოდა ირანს და გადაეცა გზავნილი“ მისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაძაბულობა.
მაკრონმა უარყო ეს ცნობა და თქვა, რომ „დიდ შვიდეულს, ოფიციალური მანდატი მითვის არ მოუნიჭებია, ეს არის ინიციატივა, რათა მიღწეულ იქნეს ორი მიზანი“. თქვა მაკრონმა.
შეკითხვაზე, დაეთანხმა თუ არა „დიდი შვიდეულის“ გადაწყვეტილებას, ფრანგი კოლეგისთვის მიეცათ უფლებამოსილება ჯგუფის სახელით მოილაპარაკოს თეირანთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამის თაობაზე არ უსაუბრიათ. „ჩვენ ჩვენი მხრივ ვიმოქმედებთ, თქვა ტრამპა და დასძინა, ხალხს ვერ დაუშლი, მოილაპარაკონ. თუ სურთ მოლაპარაკება, მოილაპარაკონო, უთხრა ტრამპმა რეპორტიორებს იაპონიის პრემიერთან, შინზო აბესთან შეხვედრისას.
ირანსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას მერე, რაც ვაშინგტონი გავიდა 2015 წელს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის დადებული ბირთვული შეთანხმებიდან. აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა ირანს, რომლის ეკონომიკას დიდი ზარალი ადგება სანქციების გამო. ირანმა დაიწყო შეთანხმების ზოგიერთი პირობის შესრულებაზე უარის თქმა. სპარსეთის ყურეში მომხდარმა ინციდენტებმა ურთიერთობა კვლავ დაძაბა. ხელშეკრულების ევროპელი ხელის მომწერები, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი ცდილობენ გადაარჩინონ ბირთვული შეთანხმება.