"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტის სასახლის პიკეტირებას გეგმავს
"ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებას გააპროტესტებს. ამ მიზნით 2 სექტემბერს პრეზიდენტის სასახლის პიკეტირება იგეგმება.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის თქმით, პრეზიდენტმა პასუხი უნდა გასცეს კითხვას, ვის აქვს შესაძლებლობა ამგვარი გადაწყვეტილებების მიღების დროს მასზე ზემოქმედება მოახდინოს, მაშინ როცა აშკარა იყო, რომ ეს გადაწყვეტილება დამაზიანებელი იქნებოდა პრეზიდენტისთვის.
" როგორც არ უნდა იმართლოს თავი პრეზიდენტმა, რომ ეს არის მისი პირადი გადაწყვეტილება, ამ პირად გადაწყვეტილებაზე პირადად უნდა აგოს პასუხი სულ მცირე, მორალურად მაინც. სწორედ ამიტომ იქნება ასეთი უკიდურესი ფორმით გამოხატული ჩვენი პროტესტი, რასაც პრეზიდენტის სასახლის პიკეტირებით გამოვხატავთ. ეს იქნება კანონით დაშვებული პიკეტირება. ფაქტობრივად, ბლოკირებული იქნება ორივე შესასვლელი და როდესაც პრეზიდენტი სასხლეში შევა, მას მოუწევს „სირცხვილის“ კორიდორში“ გავლა. ისევე როგორც სამშაბათს, პარლამენტის წევრებს, გავრილოვის ღამის მონაწილეებს მოუწევთ „სირცხვილის კორიდორში“ გავლა, რასაც ახალგაზრდები გეგმავენ. ჩვენ ველოდებით პასუხს პრეზიდენტისაგან რატომ ჩაიდინა ეს ქმედება“, - თქვა რომან გოცირიძემ.