საქართველოს სარაგბო ნაკრები თბილისში შოტლანდიასთან დამარცხდა
საქართველოს სარაგბო ნაკრებმა „დინამო არენაზე“ შოტლანდიასთან გამართული ტესტ-მატჩი უშანსოდ წააგო. „ბორჯღალოსნებმა“ ევროპის ექვსი ერის მონაწილე ნაკრებს ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. საწყის ოც წუთში ოცი ქულით ჩამორჩნენ და პირველი ტაიმიც ასევე წააგეს - 3:23. თამაში შესვენების შემდეგაც სტუმართა უპირატესობით გაგრძელდა და, საბოლოოდ, შოტლანდიელებმა 44:10 მოიგეს.
საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებები ერთმანეთს ერთხელ კიდევ დაუპირისპირდებიან 6 სექტემბერს შოტლანდიაში. ის თამაში „ბორჯღალოსნებისთვის“ ბოლო ტესტ-მატჩი იქნება მსოფლიოს 2019 წლის თასის წინ, მსოფლიოს თასი კი იაპონიაში 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე გაიმართება. საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ითამაშებს ავსტრალიასთან, უელსთან, ფიჯისა და ურუგვაისთან.