უკრაინის და პოლონეთის პრეზიდენტებმა ვარშავაში შეხვედრაზე რუსეთის შესახებ ისაუბრეს
ვარშავაში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონელ ერს მადლობა გადაუხადა "მთელი მხარდაჭერისთვის, რომელიც მათ გამოავლინეს რუსეთის აგრესიის ამ რთულ პერიოდში". ზელენსკი ამ განცხადებით გამოვიდა 31 აგვისტოს, პოლონეთის პრეზიდენტთან, ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
დუდამ ზელენსკი დაარწმუნა, შეგიძლია "დამეყრდნო, როცა საქმე ეხება სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და უკრაინის ტერიტორიის მთლიანობასო".
ზელენსკი პოლონეთში 31 აგვისტოს ჩავიდა, ორდღიანი მოლაპარაკებებისთვის, რომლის ფარგლებშიც განიხილავენ მისი ახლადდანიშნული მთავრობის პოლიტიკას და უკრაინის აღმოსავლეთში კვლავ მიმდინარე კონფლიქტს უკრაინის სამთავრობო ძალებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის.
1 სექტემბერს ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს ვარშავაში გამართულ ცერემონიაში, რომლითაც აღნიშნავენ მეორე მსოფლიო ომის დაწყების - 1939 წლის 1 სექტემბერს პოლონეთში ნაცისტური გერმანიის ძალების შეჭრის - 80-ე წლისთავს.