უკრაინამ და რუსეთმა გაცვალეს ტყვეები პრინციპით 35-35-ზე
კიევის აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაფრინდა თვითმფრინავი, რომელმაც სამშობლოში ჩაიყვანა კიევსა და მოსკოვს შორის ტყვეთა გაცვლის შესახებ მიღწეული შეთანხმების შედეგად გათავისუფლებული სამხედრო ტყვეები და პოლიტპატიმრები.
თვითმფრინავის საფრენ ბილიკზე გათავისუფლებულებს დახვდნენ ოჯახის წევრები და პოლიტიკოსები, მათ შორის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
„ვფიქრობ, რომ პირველი ეტაპი დასრულდა. მე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შევასრულეთ ყველაფერი, რასაც დაგპირდით“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს კიევის ბორისპოლის აეროპორტში ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინული მედიის თანახმად, რუსეთმა გაათავისუფლა 24-ვე უკრაინელი მეზღვაური, რომლებიც საზღვრის უკანონო დარღვევის ბრალდებით დააკავეს ქერჩის სრუტეში 2018 წლის ნოემბერში.
პრინციპით 35-35-ზე, რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინისათვის პოლიტპატიმრების გადაცემის შესახებ. ამ სიაშია რეჟისორი ოლეჰ სენცოვი, რომელიც სხვებთან ერთად დაბრუნდა კიევში.
პარალელურად, კიევიდან მოსკოვში გაფრინდა თვითმფრინავი, რომელმაც ვნუკოვოს აეროპორტში ჩაიყვანა რუსი ტყვეები. 35-კაციან სიაში, კერძოდ, არიან პოლკოვნიკი ვლადიმირ ცემახი და ჟურნალისტი კირილ ვიშინსკი.
საერთაშორისო გამომძიებლები და ევროპარლამენტარები ეწინააღმდეგებოდნენ ვლადიმირ ცემახის, „მნიშვნელოვანი მოწმის“, გათავისუფლებას, რომელიც დონბასელი სეპარატისტების საჰაერო თავდაცვის დივიზიონს ხელმძღვანელობდა მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი „ბოინგი“ MH17 ჩამოაგდეს.