მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო შედეგი გაიმეორა. 2007 წლის შემდეგ, პირველად ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიოს კონკურენციაში ორი ოქროსა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საერთო გუნდურ ჩათვლაში კი ქართველთა მიღწევაა მესამე ადგილი 105 ქვეყნის ნაკრებს შორის.
ნურ-სულთანში, ბერძენ-რომაელთა მსოფლიოს პირველობა დღეს დასრულდა, 130 კილოგრამი წონითი კატეგორიით, სადაც საქართველოს სახელით ხალიჩაზე იაკობ ქაჯაია გავიდა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა მძიმეწონოსანმა გერმანელი ედუარდ პოპი დაამარცხა.
ქაჯაიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე საუკეთესო ექვსეულში მოხვედრით ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ნორმატივი შეასრულა. ოლიმპიადის ლიცენზიას გიორგი მელიაც დაეუფლა, რომელიც 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში მეხუთე ადგილზე გავიდა.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე პირველი მედლები 15 სექტემბერს მოიპოვა - ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ლაშა გობაძე (82 კგ) მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ.
19 სექტემბრიდან მსოფლიოს ჩემპიონატში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან და საპრიზო სამეულებს ათ წონით კატეგორიაში შეავსებენ. საქართველოს ნაკრები ხალიჩაზე უძლიერესი შემადგენლობით გავა.