სახალხო დამცველი: შეწყალება მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ამოცანის მიღწევას
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, შეწყალების უფლებამოსილების გამოყენების პროცესში უზრუნველყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა და საზოგადოებრივი ჩართულობა.
ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ მკვლელობაში მსჯავრდებულთა შეწყალებამ საზოგადოების სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია.
განცხადების თანახმად, პრეზიდენტი თავდაპირველად განმარტავდა, რომ ის დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა, თუმცა, მოგვიანებით, შეწყალების პროცედურის გადახედვის სურვილი გამოთქვა.
სახალხო დამცველი განმარტავს, რომ შეწყალების დისკრეციული ბუნება არ გულისხმობს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე მისი გამოყენების უფლებას.
„შეწყალება მიზნად უნდა ისახავდეს კონკრეტული ამოცანის მიღწევას - იქნება ეს სახელმწიფო, პოლიტიკური, მართლმსაჯულების ინტერესიდან თუ განსაკუთრებული ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე. თითოეულ შემთხვევაში, მსგავსი საგამონაკლისო საშუალების გამოყენება საზოგადოებისთვის მაქსიმალურად აღქმადი და გასაგები უნდა იყოს.
საქართველოს სახალხო დამცველი ყველას შეახსენებს, რომ შეწყალების უფლებამოსილება მჭიდროდ უკავშირდება სიცოცხლის უფლების დაცვის პროცედურულ ვალდებულებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, სიცოცხლის უფლება დარღვეული იქნება, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები არაგონივრულ ლმობიერებას გამოიჩენენ მკვლელობისთვის მსჯავრდებულ პირთა მიმართ, რაც მათ ფაქტობრივ დაუსჯელობაში გამოიხატება“, - აცხადებს სახალხო დამცველი.
სიცოცხლის უფლების დაცვის კუთხით სახელმწიფოს მიერ ნაკისრები ვალდებულების გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უნდა დააკმაყოფილოს მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესი და საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიაწოდოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობასა და არგუმენტაციასთან დაკავშირებით.
საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი უმოკლეს დროში უზრუნველყოფს შეწყალების საკითხის განმხილველი კომისიის მაღალი საზოგადოებრივი ლეგიტიმაციის მქონე პირებით დაკომპლექტებას, მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართავს შეწყალების პროცედურას და გადაწყვეტილების მიღებისას საზოგადოებრივი კონსენსუსის გათვალისწინებით იმოქმედებს.
სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.
განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას.
შედეგად სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საკითხის დარეგულირების მიზნით, ახალი ინიციატივით გამოვიდა.
16 სექტემბერს კი ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეწყალებულთა შორის არის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.
„მთავარმა არხმა“ 17 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე.