ვარკეთილის ავარიულ კორპუსში, პირველადი დასკვნით, კიბის უჯრედის ჩამოშლის საშიშროება იყო
მუნიციპალური ლაბორატორიის პირველადი დასკვნის მიხედვით, ვარკეთილის მესამე მიკრორაიონის 322-ე კორპუსის მე-8 სადარბაზოში იყო "კიბის უჯრედის მეორე და მესამე სართულის ჩამოშლის საშიშროება, რომელიც ადამიანების უსაფრთხოებას აყენებდა ეჭვქვეშ და სწორედ აქედან გამომდინარე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ამ სადარბაზოდან ხალხის ევაკუირება მოეხდინათ". ამის შესახებ ჟურნალისტებს სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ განუცხადა. მე-8 სადარბაზოს მცხოვრებლების ევაკუაცია 28 სექტემბერს განხორციელდა. გამგებლის ინფორმაციით, გვერდით სადარბაზოებში ცხოვრება საფრთხის შემცველი არ არის, რადგანაც კორპუსის ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს, თუმცა კორპუსი გასამაგრებელია. 29 სექტემბერს სადარბაზოს მცხოვრებლებს ბინებიდან პირადი ნივთების გამოტანის საშუალება მიეცათ, თუმცა, „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ამისთვის მათ მხოლოდ 10 წუთი მისცეს.