სალომე ზურაბიშვილი: სამ საკითხზე თუ არ ვიქნებით ერთიანი, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ
NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერთან ერთად ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა ალიანსის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ორდღიანი შეხვედრები შეაფასა.
ზურაბიშვილი საქართველოში საზოგადოების ერთიანობის შესახებაც საუბრობს. მისი თქმით, აუცილებელია პოლარიზაციის დაძლევა, როგორც საზოგადოებაში, ასევე პოლიტიკურ ძალებს შორის: „როგორც მინიმუმ, იმ საკითხებთან მიმართებაში, რასაც ჰქვია ევროკავშირში ინტეგრაცია, NATO-ში ინტეგრაცია და დეოკუპაცია. ამ სამ საკითხზე თუ არ ვიქნებით ერთიანი, ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ.
მაგრამ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ გაერთიანებას ამ საკითხებთან მიმართებაში და სწორედ ამიტომ ვუთხარი ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. და ბოლოს უნდა ითქვას, კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი მიზანი ურყევია და ეს არის გაწევრიანება NATO-სა და ევროკავშირში. ვერავინ ვერ შეგვაცვლევინა და ვერ შეგვაცვლევინებს ამ მიზანს. ეს არის ჩვენი და ხალხის ურყევი გადაწყვეტილება და ამიტომ ვართ ძლიერნი ამ მიმართულებით. რადგან ეს არის ჩვენი ყველასი არჩეული გზა, ალტერნატივა ამ გზას არ გააჩნია“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ალიანსის ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დელეგაცია საქართველოში 3 ოქტომბერს ჩამოვიდა. მასში შედიოდნენ ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები. 3 და 4 სექტემბერს ბათუმში გაიმართა NATO-საქართველოს კომისიის სხდომა. დელეგაციის წევრები პრემიერისა და მთავრობის წევრების გარდა, ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.