სალომე ზურაბიშვილმა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსა და NATO-ს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისათვის NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა, - იტყობინება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებისა და ქართველი ხალხის სახელით, მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს.
„ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ვაღიაროთ და აღვნიშნოთ NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გოტმიოლერის ღვაწლი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მშვიდობას მიუძღვნა. გვინდა ვაღიაროთ თქვენი როლი საქართველო-NATO-ს თანამშრომლობაში, რაც მშვიდობის სამსახურის კიდევ ერთი გზაა. ჩვენი თანამშრომლობის მიზანი რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის გაძლიერებაა, რაც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს დღევანდელ სამყაროში. მნიშვნელოვანია ის, რაც გააკეთეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად და საქართველოს მხარდაჭერის გასაზრდელად. 2019 წელი განსაკუთრებული წელია NATO-საქართველოს თანამშრომლობაში. ამას თქვენ გიმადლით და ვფიქრობ, რომ დღეს ოქროს საწმისის ორდენის მონიჭება თქვენთვის, ეს საქართველოს მეგობრად თქვენი აღიარების გზაა. ეს ჯილდო სიმბოლოა იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან გაგრძელდება, გაძლიერდება და საბოლოო მიზნამდე მიგვიყვანს“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა როუზ გოტმიოლერს.
დაჯილდოების ცერემონია ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.
1998 წლიდან ოქროს საწმისის ორდენით საქართველოში ჯილდოვდებიან უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში.