საჭიროა, ყველა საშუალებით დავძლიოთ ოკუპაცია და ამაში კიდევ უფრო მეტად გვჭირდება ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა
საჭიროა, ჩვენ ყველა საშუალებით დავძლიოთ ოკუპაცია და ამაში კიდევ ერთხელ, კიდევ უფრო მეტად გვჭირდება ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომელმაც ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან ერთად, მედიისთვის ერთობლივი განცხადება გააკეთა.
სალომე ზურაბიშვილმა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვიზიტი ჩვენი ქვეყნის და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის ნიშანია. ამასთან, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მან კიდევ ერთხელ წარადგინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია.
„საჭიროა ჩვენ, ყველა საშუალებით დავძლიოთ ოკუპაცია და ამაში კიდევ ერთხელ, კიდევ უფრო მეტად გვჭირდება ჩვენი პარტნიორებს მხარდაჭერა იმისთვის, რომ შევძლოთ დეოკუპაცია და ქვეყნის მთლიანობის მიღწევა. ასევე განვიხილეთ პერსპექტივები, რაც გააჩნია საქართველოს, საქართველო-ნატოს თანამშრომლობა, რომელიც ყოველწლიურად უნდა გაღრმავდეს. მომავალი წლისთვის ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს, რომ არსებითი პაკეტი იყოს არა მხოლოდ განახლებული, როგორც ითქვა, იყოს გაძლიერებული, გაღრმავებული და კონკრეტული შესაძლებლობის საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის. 2 მიმართულება იქნა განხილული ამ კუთხით. ერთი არის შავი ზღვის მიმართულება, რომელიც უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი ქვეყნისთვის და მისი ურთიერთობისთვის არა მხოლოდ ნატო-სთან, არამედ ევროკავშირთან. ეს არის ის სამკუთხედი, რომელიც ჩვენთვის, ჩვენი განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის ნამდვილად არსებითია და ჩვენ გვაქვს გეგმები იმისთვის, რომ ამ კუთხით გაძლიერდეს თანამშრომლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მეორე მიმართულება, რომელიც არანაკლებად მნიშვნელოვანია დღევანდელ მსოფლიოში, ეს არის კიბერუსაფრთხოება. “ამ კუთხითაც გვჭირდება დახმარება. ეს იყო ჩემი მოწოდება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.