არ გამოვრიცხავ, რუსეთმა ფრენები არჩევნებამდე აღადგინოს და ამით ხელი წაუკრას ივანიშვილს, რომლის ხელისუფლებაში დარჩენა პუტინის უმთავრესი ინტერესია
არ გამოვრიცხავ, რუსეთმა ფრენების აღდგენა მოახდინოს არჩევნებამდე და ამით ხელი წაუკრას ბიძინა ივანიშვილს, რომლის ხელისუფლებაში დარჩენა არის ვლადიმერ პუტინის უმთავრესი ინტერესი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, რუსეთმა იცის, რომ საქართველო ნატო-ს და ევროკავშირის წევრი ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ვერ გახდება და ვერ განვითარდება.
„პესკოვის ეს განცხადება სავარაუდოდ, ნიშნავს იმას, რომ ელოდებიან საჭირო მომენტს, როცა ივანიშვილს ყველაზე მეტად დასჭირდება ეს პლიუსი ჩაიწეროს მოსახლეობის თვალში“, – აღნიშნა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა და საქართველომ უნდა დააფიქსირონ მომენტი, როდესაც მათთვის მოსახერხებელი იქნება ავიამიმოსვლის განახლება.