ბოკერია: ნაწილი ვარ კულტურულად ქრისტიანული მიმდინარეობის მეც, ერთი ჩემი კოლეგისა არ იყოს
„ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრმა გიგა ბოკერიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, მაია ვაჩაძესთან გასაუბრებისას მუსლიმურ პანსიონთან დაკავშირებული საქმე გაიხსენა. ბოკერიამ დისკრიმინაციის შემთხვევა მართლმადიდებელთა მაგალითზე ახსნა.
„მე კი სხვადასხვანაირად მნათლავენ ხოლმე, მაგრამ ნაწილი ვარ კულტურულად ქრისტიანული მიმდინარეობის მეც, ერთი ჩემი კოლეგისა არ იყოს, რომელმაც ხმამაღლა გამოაცხადა ცოტა ხნის წინ“, - შესავლის შემდეგ გიგა ბოკერიამ განაგრძო - „ჩვენი მრწამსის ადამიანები რომ შეზღუდონ და ფიზიკურად არ გვიშვებდნენ ეკლესიაში; ვიღაცები რომ მოვარდნენ, ანტიმართლმადიდებლები, იქ პოლიცია ხო ნამდვილად იმოქმედებდა. თუ თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ეს ასე არ იქნებოდა და პოლიცია ზოგადად უძლური იყო? ამასაც თავი რომ დავანებოთ, ვარაუდის საფუძველი არ არსებობდა, რომ დისკრიმინაცია იყო? ნუთუ პოლიციას არ უნდა ემტკიცებინა, რატომ მოიქცა ასე? რატომ არ დაიცვა ჩვენი მოქალაქეები? თქვენ მითხარით, დღესაც ასე მოვიქცეოდიო, რატომ, ქალბატონო მაია?“
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 29 სექტემბერს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში თქვა, რომ არსებობს „ფუნდამენტური განსხვავებები“ მასსა და გიგა ბოკერიას შორის. ყოფილ თანამებრძოლს სააკაშვილმა უწოდა „ანტიქრისტიანი“, რომელსაც ყოველთვის „ცინიკური დამოკიდებულება“ ჰქონდა ქართული ტრადიციების მიმართ.
„მე, ჩემი შეხედულებებით და ჩემი მრწამსით, ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და ვინც რა არ უნდა თქვას, ეს ესეა, ვატარებ ჯვარს... ბოკერიამ, ამ ადამიანმა, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი მაქსიმალური დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციული, ქრისტიანული ფასეულობებისაგან. და ეს არის რეალობა“, - თქვა სააკაშვილმა.
რაც შეეხება მოსამართლის მოქმედებას, 2018 წელს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მაია ვაჩაძემ ქობულეთში მუსლიმი მოსწავლეების პანსიონატის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა.
„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), რომელიც სასამართლოში მუსლიმი თემის ინტერესებს იცავდა, აცხადებდა, რომ ქობულეთში მუსლიმი თემის დევნის ფაქტები 2014 წლის 10 სექტემბერს გამოვლინდა. EMC-ის ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა (რომელიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებს) მუსლიმ თემს პანსიონატის გახსნის საშუალებას არ აძლევდა.
2018 წელს კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მაია ვაჩაძემ არ დააკმაყოფილა EMC-ის მოთხოვნა, პოლიციის უმოქმედობა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტად არ შეაფასა და კანონით დადგენილი წესის შესაბამისად სიმბოლური ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურებაც არ დააკისრა.
მოსამართლემ დააკმაყოფილა მუსლიმი თემის მხოლოდ ის მოთხოვნა, რომელიც გულისხმობდა პანსიონატის საქმიანობისთვის მესამე პირების მხრიდან გამოვლენილი ხელშეშლის პრაქტიკაზე პოლიციის უმოქმედობისა და გულგრილობის გამო, პოლიციისთვის ეფექტური პრევენციული ღონისძიებების გატარების დავალებას.