ერემაძე და თავაძე ამბობენ, რომ აქვთ მოსამართლეობისთვის საჭირო იურიდიული განათლება
საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატი მირანდა ერემაძე არ ეთანხმება სახალხო დამცველის ანგარიშში გამოთქმულ შეფასებას მისი იურიდიული განათლების ხარისხის ხარვეზებთან დაკავშირებით. საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ კომენტარში იგი ამბობს, რომ იმ სასწავლებლის ლიცენზია, რომელშიც სწავლობდა, საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ იყო გაცემული:
„იმ დროს არსებული საკანონმდებლო რეგულაციის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ აღიარებული, ლიცენზირებული უმაღლესი სასწავლებელი დავამთავრე. რაც შეეხება სასამართლო წესით აღიარებას, აღნიშნული პრობლემა დღის წესრიგში დადგა არა მხოლოდ ჩემთან მიმართებით, არამედ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობასთან მიმართებით, რაც გამოიწვია 2005 წელს ქვეყნის გადასვლამ სწავლების ახალ სისტემაზე.
მე ვურჩევდი დაინტერესებულ პირებს, ამ კუთხით გაეცნონ სასამართლოს პრაქტიკას, საქმეთა რაოდენობას. კერძოდ, რა რაოდენობის საქმეებია სასამართლოში ამ კატეგორიის საქმესთან მიმართებით და, ასევე, როგორია საქმეთა სტატისტიკური მაჩვენებელი ამ კუთხით. ამის შესაბამისად გეტყვით, რომ აღნიშნული კატეგორიის საქმეები, რაც შემოდის, მოქალაქეებს რა პრობლემებიც აქვთ დიპლომების აღიარებასთან დაკავშირებით, 99 % კმაყოფილდება მოაქალაქეების სასარგებლოდ. ეს იქნება ჩემი პასუხი ამ საქმესთან მიმართებით“, - უთხრა მირანდა ერემაძემ „ინტერპრესნიუსს“.
თავის მხრივ, „ინტერპრესნიუსს“ იურიდიული განათლების დამადასტურებელი ორი დოკუმენტი მიაწოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ზაზა თავაძემ.
ზაზა თავაძის განცხადებით, დოკუმენტები ადასტურებს, რომ მას დოქტორანტურის გამოცდები ჩაბარებული აქვს როგორც საქართველოში, ისე გერმანიაში.
ზაზა თავაძის თქმით, ამათგან ერთია ვიურცბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია, რომ ყველა გამოცდა ჩაბარებული აქვს და 2020-2025 წწ. სადოქტორო უნდა დაიცვას, მეორე კი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტურის ცნობაა. კერძოდ, როგორც მოსამართლეობის კანდიდატი აცხადებს, 2017 წელს ჩაირიცხა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის, სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე. ზაზა თავაძე აღნიშნავს, რომ 6 წლის ვადით არჩეულია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, სადაც, მისივე თქმით, უძღვება ლექციურ კურსს კონსტიტუციურ სამართალში.
სახალხო დამცველმა სპეციალურ ანგარიშში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატთაგან 3-ის იურიდიული განათლების მოთხოვნასთან შესაბამისობა ეჭვქვეშ დააყენა. ეს კანდიდატები არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ზაზა თავაძე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მირანდა ერემაძე.
კანონის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საკმარისი არ არის და მათ მოეთხოვებათ უმაღლესი იურიდიული განათლება არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით.
სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ანგარიშში - „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის მონიტორინგის ანგარიში“ - აღნიშნულია, რომ ამ სამი კანდიდატის უმაღლესი იურიდიული განათლების შესაბამისობა კანონის მოთხოვნებთან, კითხვებს ბადებს.