ზუგდიდში თამთა თოდაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ზუგდიდში აქცია გამართეს. მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს თამთა თოდაძეს, ხოლო პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდეს, მოკლე ვადებში გამოიძიონ მომხდარი ფაქტი და სამაგალითოდ დაისაჯოს დამნაშავე. აქციას არასამთავრობო სექტორთან ერთად შეუერთდა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია.
„არა ნიშნავს არას“, „ნუ მათვალიერებ“, „პოლიცია, დასაჯე მოძალადე“, „ნუ გაჩუმდები“, „ქალზე ძალადობა დანაშაულია“, - ამ შინაარსის პლაკატები ეჭირათ ხელში ზუგდიდის ბულვარში შეკრებილებს.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ განაცხადა, დღეს ხდება ქალთა მიმართ ძალადობის „წაყრუება“.
„ძალადობის წაყრუება იმის გამო, რომ ვიღაც რაღაც პარტიის წევრია და ვიღაც რაღაც თანამდებობაზეა, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალთა უფლებები არ არის დაცული“, - განაცხადა აქციის ორგანიზატორმა.
თბილისის საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. თამთა თოდაძე დაზარალებულად ცნობას ითხოვს. შს სამინისტროს თანახმად, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს.