ეძებენ კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი სასიკვდილოდ დაჭრა
პოლიცია განაგრძობს კაცის ძებნას, რომელმაც ყოფილი ცოლი სასიკვდილოდ დაჭრა. ქალი ხაშურის კლინიკაში გარდაიცვალა.
როგორც რადიო თავისუფლებას ხაშურის კლინიკის დირექტორმა კახა წაქაძემ უთხრა, ქალს თავის არეში მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, რაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უწყებისვე ცნობით, შემთხვევის ადგილზე გამოყენებული იყო ასაფეთქებელი ნივთიერებაც. ადგილზე ექსპერტების მუშაობის შემდეგ საფრთხე არ არსებობს.
რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, ქალი სანადირო თოფით იყო თავში დაჭრილი. მას ყოფილ ქმართან განქორწინების პროცესი ჰქონდა დაწყებული და ქმარი ბავშვებს უმალავდა. სწორედ ბავშვების ნახვის და წამოყვანის საკითხს უკავშირდება ეს კონფლიქტი, რა დროსაც კაცმა სანადირო თოფი გამოიყენა.