კახა კოჟორიძე: ვერ დავეთანხმები პაატა სალიას, რომ აქიმიძისა და დვალის სარჩელი ხანდაზმულია
რუსთავი 2-ის დამფუძნებლების ადვოკატი კახა კოჟორიძე ეხმაურება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელი, რომელიც აქიმიძე-დვალმა 17 ოქტომბერს სასამართლოში შეიტანეს საკუთარი 60%-ის დასაბრუნებლად, ხანდაზმულობის პრობლემის მქონეა.
„ცოტა უცნაურია, ბატონი პაატასგან ამის თქმა, იმიტომ, რომ ხანდაზმულობის პრობლემა დაისვა ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვის დროს და მაშინ ხალვაშის ადვოკატები ამას იმით ხსნიდნენ, რომ რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება იყო 2012 წლის არჩევნებამდე, განხორციელებული იძულება გაგრძელდა არჩევნებამდე და პროკურატურაში სარჩელის შეტანით შეწყდა ხანდაზმულობის ვადის ათვლა. ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს ჩვენს შემთხვევაში. კანონის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იძულების დასრულების მომენტიდან. უზენაესმა პალატამ თქვა, რომ ქიბარ ხალვაშის საქმეზე იძულება დასრულდა 2012 წელს და შესაბამისად, ჩვენთან მიმართებაშიც 2012 წელს დასრულდა. აქიმიძემ და დვალმა შემდეგ მიმართეს პროკურატურას, რაც საკმარისია, რომ ხანდაზმულობა შეწყდეს“, - აცხადებს კოჟორიძე, რომელიც ამავდროულად გამოთქვას მზაობას, ნებისმიერ ეთერში ესაუბროს პაატა სალიას ამ საქმესთან დაკავშირებით.
16 ოქტომბერს ცნობილი გახდა რომ კუთვნილი წილის დასაბრუნებლად აქიმიძე და დვალი ახალ სამართლებრივ დავას იწყებდნენ, 17 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კი თქვეს, რომ მათი ბრძოლის სტრატეგია ქიბარ ხალვაშის არგუმენტების მის წინააღმდეგ გამოყენება იქნებოდა და სასამართლოს ფაქტობრივად მხოლოდ 2 გზა რჩებოდა - უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უარყოფა ან რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მოთხოვნის კანონიერად ცნობა.
რუსთავი 2-ის დამფუძნებლები სასამართლო დავის პერიოდში ტელეკომპანიის იმ 60%-იანი წილის დაყადაღებასაც ითხოვენ, რომლის დასაბრუნებლადაც მიმართეს სასამართლოს.
მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა და ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანიამ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი გადაიფორმეს, მან დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა, რაზეც თანადამფუძნებლებმა უარი თქვეს.