თურქეთის ელჩი საქართველოში: ჩვენ კი არ გვჯერა, არამედ ვიცით, რომ ვართ მართლები
საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანმა პრესკონფერენციაზე სირიაში სამხედრო ოპერაციის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციისა და სანქციების საკითხზე ისაუბრა.
„ათათურქმა ჩვენ, თურქებს დაგვიბარა – თუ საკითხი შეეხება სამშობლოს, სხვა ყველაფერი არის დეტალები“, - დიპლომატის განცხადებას „პირველი არხი" აქვეყნებს. მისი თქმით, საკუთარ უსაფრთხოებაზე თურქეთმა თავად უნდა იზრუნოს.
როგორც ფატმა ჯერენ იაზგანი ამბობს, საერთაშორისო ურთიერთობებში ყველა ქვეყანას აქვს ლეგიტიმური ინტერესები.
„ყველა ქვეყნის ინტერესებში შესაძლოა, არ შედის თურქეთის უსაფრთხოება და საზღვრის დაცვა. ჩვენ საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა ვიზრუნოთ. ჩვენ კი არ გვჯერა, არამედ ვიცით, რომ ვართ მართლები და რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, თუ ეს ზეგავლენას იქონიებს, მზად ვართ ამისთვის. თუ არ გვექნება სამშობლო და ჩვენს ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ ვერ ვიგრძნობთ, ჯიბეში რამდენი ფულიც უნდა გვქონდეს, მას არანაირი ფასი არ ექნება”, - ამბობს ელჩი.
აშშ-მა საბანკო ანგარიშები და უძრავი ქონება დაუბლოკა თურქეთის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვის და ენერგეტიკის სამინისტროებსაც და მათთან ფინანსური ურთიერთობა აუკრძალა ამერიკულ კომპანიებს და ფიზიკურ პირებს.
სანქციებით ვაშინგტონმა უპასუხა სირიის ჩრდილოეთში, ქურთების შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ თურქეთის სამხედრო ოპერაციას, რომელიც 9 ოქტომბრიდან მიმდინარეობს.