ცოლის მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ ილგარ ნასიბოვს.
პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ ბრალდებული წლების განმავლობაში ბაქოში ცხოვრობდა, ამასთან, ეჭვის ნიადაგზე მოკვლამდე, მეუღლისგან იმ პირის ვინაობის გარკვევას ცდილობდა, ვისთანაც, ბრალდებულის ვარაუდით, მეუღლე ღალატობდა.
წინასწარი გამოძიებით, ნასიბოვმა, ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერის მკვიდრმა, 16 ოქტომბერს მეუღლე საკუთარ მანქანაში ჩასვა, სოფლის ახლოს, ტყეში, მანქანით გაიყვანა და ქამრით დაახრჩო. ამის შემდეგ ის ბოლნისის პოლიციას ჩაბარდა და მოკლულიც იმავე მანქანით მიიყვანა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა), რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების შუამდგომლობის პასუხად, დაცვის მხარემ აღკვეთის ღონისძიებად სასამართლოს გირაო - 20 ათასი ლარი - შესთავაზა, თუმცა ბრალდებულმა განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, მის ოჯახს ამ თანხის გადახდის საშუალება არ აქვს.
სასამართლო სხდომის შემდეგ პროკურორმა ლევან ჯალაღანიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გამოძიების მსვლელობისას ბრალდებულს ჩაუტარდება ფსიქოლოგიური შემოწმება, რამდენადაც ის უკვე ჰყავდათ შესამოწმებლად მიყვანილი ახლობლებს რუსთავის ფსიქორეაბილიტაციის ცენტრში მიმდინარე წლის აპრილში. პროკურორმა თქვა, რომ ცენტრში ბრალდებული ჯანმრთელად ცნეს.