ლონდონში ბრექსიტის საწინააღმდეგო დემონსტრაციაა, პარლამენტი ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შეთანხმებას განიხილავს
ლონდონში 19 ოქტომბერს იმართება მასობრივი დემონსტრაცია, რომლის მონაწილეები ევროკავშირიდან ბროიტანეთის გასვლის წინააღმდეგ პროტესტს გამოთქვამენ და მოითხოვენ კიდევ ერთ რეფერენდუმს ამ თემაზე.
დიდი ბრიტანეთის პარლამენტი, რომელიც პირველად 1982 წლის შემდეგ შეიკრიბა, შაბათ დღეს,19 ოქტომბერს განიხილავს შეთანხმებას, რომლის თანახმად, ქვეყანა ევროკავშირიდან უნდა გავიდეს. შეთანხმებას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მიაღწია ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან.
თუ მას პარლამენტი მხარს დაუჭერს, 31 ოქტომბერს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასასვლელი გზა გახსნილი იქნება.
პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ბორის ჯონსონმა დეპუტატებს მოუწოდა, უზრუნველყონ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა 31 ოქტომბერს. მისი თქმით, ევროკავშირში დაიღალნენ ბრექსიტის თარიღის გადადებით და სიცხადე სურთ.
ჯერ კიდევ არაა ცხადი, მიიმხრობს თუ არა ჯონსონი საკმარისი რაოდენობით დეპუტატებს თემთა პალატაში იმისთვის, რომ შეთანხმება დამტკიცდეს. პრემიერის კონსერვატული პარტია უმცირესობაშია და ოპოზიციონერი ლეიბორისტების მხარდაჭერა დასჭირდება, და, ამასთან, იმ 20 კონსერვატორი კანონმდებლის ხმებიც, რომლებიც ადრე კონსერვატული პარტიიდან გარიცხეს.
შეიძლება არ გაიმართოს შეთანხმების გარშემო კენჭისყრა, თუ დეპუტატები მიიღებენ შესწორებას, რომ შეთანხმება არ შევა ძალაში მანამ, სანამ პარლამენტი არ დაამტკიცებს ყველა კანონს, რომლებიც საჭიროა ევროკავშირიდან ქვეყნის გასასვლელად. ეს პროცესი შესაძლოა გაჭიანურდეს.
ამ შემთხვევაში, ბრიტანეთის მედიის თანახმად, ჯონსონი შეთანხმების გამო კენჭისყრას გადადებს და ჯერ საჭირო კანონპროექტების დამტკიცებას შეეცდება.
იგი, ამასთან, მოვალე იქნება, ევროკავშირს ოფიციალურად მოსთხოვოს ბრექსიტის გადავადება.