სირიელი ქურთების ლიდერი ამბობს, რომ მისმა ძალებმა შესაძლოა დატოვონ სასაზღვრო რეგიონი
სირიელი ქურთების გასამხედროებული ჯგუფის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ისინი შესაძლოა გავიდნენ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთის სასაზღვრო რეგიონიდან, აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში - ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი თურქეთის ხელმძღვანელობით მოქმედი ძალები სხვა ქურთ ძალებს და სამოქალაქო მოსახლეობას ქალაქის დატოვების საშუალებას მისცემენ.
ამ განცხადების ფონია გავრცელებული ცნობები შეთანხმების დარღვევის შესახებ თურქეთ-სირიის საზღვარზე, ორ დღეში მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი დათანხმდა დროებით შეეჩერებინა ბრძოლა, რათა ქურთთა ძალებს ანკარის სამხედრო ოპერაციის სამიზნე რეგიონების დატოვების საშუალება მისცემოდათ.
სირიის დემოკრატიული ძალების წარმომადგენელმა, რედურ ხალილმა, 19 ოქტომბერს, გვიან საღამოს განაცხადა, რომ ეს ძალები თურქეთ-სირიის საზღვრიდან 30 კილომეტრის მოშორებით დაიხევენ უკან, თუკი ქალაქებში რას ალ-აინსა და ტალ-აიბადში ხალხს ევაკუაციის უფლებას მისცემენ. სირიის დემოკრატიულ ძალებს აშშ-ის შეიარაღება მიეწოდებოდა რეგიონში ექსტრემისტულ ჯგუფ "ისლამურ სახელმწიფოსთან" საბრძოლველად. ეს პირველი განცხადებაა, რომელიც ტერიტორიის დატოვების შესაძლებლობაზე მიანიშნებს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ ანკარას სურს "არცერთი ქურთი ექსტრემისტი" არ დარჩეს თურქეთის მიერ დაგეგმილ "უსაფრთხო ზონებში". მან დასძინა, რომ თურქეთი მოლაპარაკებას გამართავს რუსეთთან - რომელიც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერია - და განიხილავს ქურთი მეომრების განდევნას სირიის მანბიჯის და ქობანის რეგიონებიდან.
ერდოანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, 22 ოქტომბერს, სოჭში შეხვდება.
ბრძოლის გამო სირიაში სახლ-კარი ათიათასობით სამოქალაქო პირმა დატოვა. იზრდება შეშფოთება ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ, განსაკუთრებით გავრცელებული კადრების ფონზე, რომლებიც, როგორც ჩანს, ასახავს თურქეთის ძალების მხრიდან ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებს და სიკვდილით დასჯის შემთხვევებს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა 17 ოქტომბერს ანკარაში გამოაცხადა შეთანხმება, რომელიც თურქეთის მხრიდან სირიაში ქურთთა ძალების წინააღმდეგ ერთი კვირის განმავლობაში წარმოებული სამხედრო ოპერაციის შეჩერებას ითვალისწინებდა.