ფოფხაძე მიქაუტაძეს: თქვენი ადგილი უნდა იყოს ციხეში და არა სასამართლოში
„თქვენ ხართ იმ კლანის სახე, რომელიც ცდილობს, ქვეყანაში ხალხს წაართვას მართლმსაჯულება და აქციოს შპს. „ქართულ სასამართლოდ“, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს, რომელსაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დილიდან უსმენენ.
გედევან ფოფხაძის თქმით, გიორგი მიქაუტაძემ უნდა დაასაბუთოს, აქვს თუ არა მორალური უფლება, რომ იყოს მოსამართლე:
„სახელი და გვარი მაინტერესებს, ვინ გაგირიგდათ თქვენ, რომ იყოთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მას მერე, რაც თქვენ იყავით სააკაშვილის რეჟიმის მსახური. საიდან გაქვთ მოსამართლეობის უფლება? თქვენ თავს აძლევთ უფლებას, რომ გამოცხადდეთ პარლამენტში და პარლამენტს სთხოვოთ მანდატი. თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ ყველას, ვისთვისაც ის ცხრა წელი რაღაცას ნიშნავდა. ვის გაურიგდით, რომ დარჩებოდით მოსამართლედ? იმ კლანის ამოცანა, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, არის პარლამენტის დაშანტაჟება, ქართველი ხალხის დაშანტაჟება და ამის ხარჯზე მიიღოს თანამდებობები. თქვენი მორალური სახე ისედაც ნათელია, თქვენ ხართ ადამიანი, რომლის ადგილიც უნდა იყოს ციხეში და არა სასამართლოში“.
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს დილიდან უსმენენ.
მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია.
არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციური პარტიები გიორგი მიქაუტაძეს სასამართლოში არსებული „კლანის“ წარმომადგენლად მიიჩნევენ და კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მის არჩევას.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 23 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 11 კანდიდატს მოუსმინა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს სულ 20 კანდიდატი წარუდგინა.