სინოდმა მთავარეპისკოპოსი იაკობი მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელისთვის გააფრთხილა
სინოდის სხდომის ოქმი საზოგადოებას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა გააცნო.
ოქმის თანახმად, სინოდმა განიხილა მთავარეპისკოპოს იაკობის (იაკობაშვილი) საჯარო განცხადებები.
„მთავარეპისკოპოსმა იაკობმა გამოხატა სინანული თავისი არაკორექტული საჯარო გამოსვლების გამო. წმინდა სინოდმა განაჩინა: მთავარეპისკოპოს იაკობს მღვდელმთავრისათვის შეუფერებელი საქციელის გამო მიეცეს გაფრთხილება, ხოლო განმეორების შემთხვევაში მიღებულ იქნას მკაცრი ზომები“, - ნათქვამია სინოდის სხდომის ოქმში.
ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობიშვილი) 26 ოქტომბერს „ტვ პირველის“ ეთერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა.
მოგვიანებით მთავარეპისკოპოსმა იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის თანამდებობა 28 ოქტომბერს დატოვა. საპატრიარქომ გამოაქვეყნა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანებაც, მისი პირადი თხოვნის საფუძველზე, პატრიარქის ქორეპისკოპოსისა და საქართველოს საპატრიარქოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობიდან გათავისუფლების შესახებ.