მიტროპოლიტი იოანე: "საქართველოს ეკლესიის დანგრევა სურთ, მაგრამ ვერ მოერევიან"
„ყველას სურს, ჩვენს საეკლესიო ცხოვრებაში ცხვირი ჩაყოს, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას ვაწუხებთ, თუმცა არავის ცხოვრებაში არ ვერევით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მიტროპოლიტმა იოანემ, 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების, სინოდის განჩინების და მას შემდეგ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას.
მაღალი იერარქიის სასულიერო პირმა აღნიშნა, რომ საქართველოს პოლიტიკური წრეები ცდილობენ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას. მღვდელმთავარს არ დაუკონკრეტებია, ვის გულისხმობდა, მაგრამ თქვა, რომ „ესენი არიან ადამიანების ცალკეული ჯგუფები, არიან ვერშემდგარი პოლიტიკოსები, ზოგი „ნაფტალინიდან ამოღებული“, რომ არ დაივიწყონ მისი სახელი, აი, ასეთი ხალხი ერევა [ეკლესიის ცხოვრებაში]“.
„წლების განმავლობაში ვიცნობდით ერთმანეთს, არ გვქონდა ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ ვიღაც ამით სარგებლობს. ვიღაცას ეს რაღაცისთვის სჭირდება. ეშმაკისგან არის ეს პროცესები მართული“, - თქვა ეპისკოპოსმა, რომელიც 3 ნოემბერს, რუსთავის ვახტანგ გორგასლის ეკლესიაში ჩატარებული საკვირაო წირვის შემდეგ, მრევლს დაემშვიდობა.
პატრიარქ ილია მეორის მიმართ მღვდელმთავრობიდან განყენებულის, ყოფილი ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ბრალდებების კომენტირებისას, მღვდელმთავარმა იოანემ განაცხადა: „ჯერ შენი თავი გამოასწორე და სწორად დაინახავ მოვლენებს და ქვეყანას... ავყვებით ხოლმე ვნებებს ცოდვით ნაკარნახევ ემოციებს, იქ, უკან ამბიცია დგას, პირველობის, ანგარების...“
რადიო თავისუფლების კითხვაზე, ხომ არ დაგროვდა პრობლემები საქართველოს ეკლესიაში და ხომ არ არის საჭირო დიდი კრების მოწვევა, მიტროპოლიტმა იოანემ უპასუხა, რომ ამის საჭიროებას ვერ ხედავს: „საეკლესიო კრება საგანგებო ვითარებაში ხდება ხოლმე, ამჟამად ისეთი კარდინალური არაფერი მომხდარა. ერთმა ტალახი ისროლა, ხვალ მეორე ისვრის, გუშინ სხვა ისროდა, ეს ყოველთვის იყო“. მიტროპოლიტის თქმით, ბოლოს სინოდის გაფართოებული კრება 1995 წელს ჩატარდა, როცა საქართველოში შეიცვალა პოლიტიკური წყობა და ეკლესიაშიც „ახალი თაობა მოვიდა“.
31 ოქტომბერს სინოდის სხდომა დასრულებამდე დატოვა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ, რომელმაც განაცხადა, რომ პატრიარქმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მან გადაწყვეტილებას უსამართლო უწოდა და მიზეზად მის მიერ ეკლესიაში „მამათმავლობის მხილება“ დაასახელა.
სინოდმა მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) გაათავისუფლა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველობისგან, აუკრძალა მღვდელმსახურება და მონასტერში გაამწესა სინანულისთვის, სინოდის გადაწყვეტილებითვე, ჭყონდიდის ეპარქიის დროებით მმართველად დაინიშნა წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია). ამავე განჩინებით ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმთავრად დაინიშნა მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი). რუსთავის ეპარქია თბილისისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიას შეუერთდა.