მაყურებლები „ამირანში“ შეუშვეს, ფილმის ჩვენება დაიწყო
„ამირანში“ შესვლა გაუჭირდა მაყურებელთა ნაწილს და მათ შორის იყო სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი. მისი თქმით, შეუძლებელი იყო კინოთეატრის ცენტრალურ შესასვლელამდე მისვლა, საიდან შესვლაც მას პოლიციამ ურჩია.
„მე ვარ ბილეთიანი, რომელიც წრეებს არტყამს ფილარმონიას უკვე დაახლოებით 20 წუთია... პოლიცია გაყინული სახით მეუბნება - იქიდან, იქიდან შედიო ... და ახლა მოვედი იქ, საითკენაც მიმითითეს... ასე აღმომაჩინეს კონტრაქციის მხარეს ამ უსაფრთხოების დაცვის პროცესში და მართლა მაინტერესებს, ეს სამი რიგი პატრული რომ ჰყავთ ჩაყენებული, რას იცავენ? კინოთეატრის შენობას იცავენ? მე უკვე უნდა ვიყო სეანსზე შესული და უნდა ვუყურებდე ფილმს და მე არ მიშვებენ, რომ შევიდე“, - განაცხადა სალომე ბარკერმა.
7 ნოემბერს „ამირანი“ მაყურებელს ურჩევდა, უსაფრთხოების მიზნით, კინოთეატრში სეანსის დაწყების დროზე ადრე მისულიყვნენ.
„კინოთეატრების უსაფრთხოების სამსახური აქტიურად თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომ დაგეგმილმა ჩვენებებმა ექსცესების გარეშე ჩაიაროს. ცხადია, მაქსიმალურად ვზრუნავთ ჩვენი მაყურებლის უსაფრთხოებაზე და კომფორტზე, სწორედ ამიტომ ვთხოვთ მათ, ვინც შეიძინა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბილეთები, ფილმის სანახავად მოვიდნენ დაგეგმილზე ადრე, რომ მათი უსაფრთხოება და დარბაზში კუთვნილ ადგილებზე განთავსება უზრუნველვყოთ შეუფერხებლად“, - აღნიშნულია „ამირანის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის თქმით, პოლიცია მოუწოდებდა აქციის მონაწილე რადიკალურად განწყობილ ჯგუფებს, გაეთავისუფლებინათ კინოთეატრის შესასვლელი და გაეტარებინათ ფილმის სანახავად მისული ადამიანები.
ფილმის ჩვენებაზე მისულ მაყურებელს წინააღმდეგობა არ შეხვდა სხვა კინოთეატრებში. როგორც "cavea"-ს კინოთეატრების ქსელის წარმომადგენელმა, მაია სიხარულიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ფილმის ჩვენება ყველგან დროულად დაიწყო.
რადიკალურად განწყობილი ჯგუფების წარმომადგენლები პოლიციის მოთხოვნას არ ემორჩილებოდნენ. ისინი კინოთეატრთან მყოფი პოლიციელების კორდონის გარღვევასა და შენობაში შესვლას დიდი ხნის განმავლობაში ცდილობენ. ამ ეტაპზე ვითარება შედარებით განიმუხტა.
ქართულ-შვედურ ფილმს ჰომოსექსუალობის პროპაგანდად მიიჩნევენ „ქართული მარში“ სანდრო ბრეგაძის ხელმძღვანელობით, გურამ ფალავანდიშვილის „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და ბიზნესმენი ლევან ვასაძე მხარდამჭერებთან ერთად. ფილმის ჩვენების ჩაშლის ძალადობრივ გეგმას ისინი ბოლო დღეებში აქტიურად ახმოვანებდნენ.
8 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში კინოთეატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების მასშტაბური მობილიზაცია შეიმჩნეოდა.
ლევან აკინის ფილმის („და ჩვენ ვიცეკვეთ“) ჩვენება საქართველოში სამი დღის განმავლობაში - 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართება.