ოპოზიციის ლიდერები დიპლომატებს ხვდებიან
სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საღამოს 6 საათზე დაიწყო ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.
ელჩებთან საუბარი რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა, თუმცა შეხვედრა დაგვიანდა იმის გამო, რომ პარალელურად ხელისუფლებამ პარლამენტის პიკეტირების მოხსნის მიზნით აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით.
“გამაოგნებელია, რაც მოხდა - ოპოზიცია ელჩებს ხვდებოდეს და მეორე ქუჩაზე ხელისუფლება მშვიდობიან მომიტინგეებს არბევდეს", - უთხრა „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ რადიო თავისუფლებას შეხვედრის დაწყების წინ.
დიპლომატებთან საუბრის დაწყების წინ მოკლე ინტერვიუ რადიო თავისუფლებას მისცა"შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმაც: “ხელისუფლების მაგივრად მე მათ ბოდიშს მოვუხდი, იმისთვის, რაც მათაც აკადრა “ქართულმა ოცნებამ” და ივანიშვილმა დაპირების უკან წაიღებთ", - თქვა მან.
ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ისინი შეეცდებიან "დასავლელი პარტნიორები, რომლებსაც ზემოქმედების ბერკეტები რჩებათ", დაარწმუნონ იმაში, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, რათა ხელისუფლება დაითანხმონ დაუბრუნდეს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესაძლებლობის განხილვას.
18 ნოემბერს დღის პირველ ნახევარში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და აშშ-ის საელჩომ თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რითაც სრულად დაუჭირეს მხარი მშვიდობიანი შეკრების უფლებას.
"დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, არსებითად მიგვაჩნია გადაუდებელი მუშაობა მთავრობას, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობის აღსადგენად მშვიდი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის საშუალებით, ისეთი სამომავლო გზის საპოვნელად, რომელიც მისაღები იქნება." - ნათქვამი იყო განცხადებაში.