სერბეთმა განაცხადა, რომ იძიებს სავარაუდო ჯაშუშობის ინციდენტს რუსეთის მონაწილეობით
სერბეთმა განაცხადა, რომ იძიებს სავარაუდო ჯაშუშობის ინციდენტს რუსეთის მონაწილეობით. ინფორმაციის თანახმად, სოცმედიაში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ ქრთამავს რუსი დიპლომატი სერბეთის უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის წარმომადგენელს.
სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა 20 ნოემბერს განაცხადა, რომ სამხედრო დაზვერვის უწყებას მიეცა დავალება, გამოიძიოს ინფორმაცია, რომლის თანახმად, ვიდეოზე აღბეჭდილი მამაკაცი, რომელიც სავარაუდო ქრთამის გადაცემის მომენტშია გადაღებული, რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტია.
ვიდეო 17 ნოემბერს გავრცელდა YouTube-ზე. მის აღწერაში წერია: „რუსეთის დაზვერვის ოფიცრის შეხვედრა სერბ ჯაშუშთან“.
„მე ველი ახალ ინფორმაციას“, განაცხადა ბრნაბიჩმა. „კავშირში ვარ პრეზიდენტ [ალექსანდარ ვუჩიჩთან]. თუკი ეს მართალია, ეს სერიოზული პრობლემაა“.
ვიდეოზე სავარაუდოდ აღბეჭდილია რუსი დიპლომატი, რომელიც სერბ აგენტს შეკვრას გადასცემს ბელგრადში შეხვედრისას. მოგვიანებით, სერბი შეკვრიდან ფულს იღებს.