"სირცხვილია" აქციებს მართავს რამდენიმე ქალაქში
„გადავწყვიტეთ, გავამხნეოთ საპატიმროში მყოფი ჩვენი მეგობრები... ისინი უსამართლოდ არიან დაკავებული და ხვალისთვის თბილისში დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას გამოაკლდებიან. თუმცა დღეს საპროტესტო აქცია მივა მათი საპატიმროს კართან“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, თამარ კაკაბაძემ.
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეების თქმით, მათ უკან დგას აქტივისტების ძალიან დიდი ჯგუფი, რომელთა სახელითაც ისინი მოქმედებენ.
„18 ნოემბერს დაკავებული ადამიანების გვერდით დგას მთელი აქტივიზმი, რომელიც შეუპოვრად ებრძვის უსამართლობას... მართალია, ჩვენ დღეს ბევრნი არ ვართ, მაგრამ დღევანდელი აქციის უკან დგას ბევრი ხალხი, მთელი აქცია, საზოგადოება... დაპატიმრებული ადამიანები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პატიმრები არიან, რადგან მათი ბრალდებები სრულიად აბსურდულია“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა აქტივისტმა, თათია წულაძემ.
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები თბილისიდან ავტომობილებით დაიძრნენ. ისინი სოლიდარობას უცხადებენ ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებულ 10 პირსა და კიდევ ერთ პირს, რომლისთვისაც ბრალის წაყენება სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით მოხდა.
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მოწილეს, გიორგი რურუას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. აქტივისტები ამბობენ, რომ რურუაც აქცია „სირცხვილიას“ მხარდაჭერისთვის იდევნება.
18 ნოემბრის აქციაზე სამართალდამცველებმა 40-მდე პირი დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო 12 პირი - „სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისათვის“. აქედან 10 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულთა შორის არიან აქტივისტები: გიგა მაქარაშვილი - 12 დღე; ბექა ბასილაია - 13 დღე; ელგუჯა ბაგრატიონი - 12 დღე ; ზუკა ბერძენიშვილი - 7 დღე; ირაკლი კაჭარავა - 4 დღე; დავით მჟავანაძე - 4 დღე; ირაკლი ნადირაძე - 13 დღე; დიმიტრი ბიძინაშვილი - 3 დღე; გიორგი ბუნტური - 5 დღე; ლუკა ჭიჭინაძე - 5 დღე.
18 ნოემბერს, საპოლიციო ძალებმა პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.
აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ საზოგადოებისთვის მიცემული დაპირების შეუსრულებლობას. 14 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ 40-მა დეპუტატმა ჩააგდო საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომლის თანახმადაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარებულიყო.