ცვლილება, რომელიც სამედიცინო სფეროს პრობლემას უქმნის
დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში, ღია წერილის ხელმომწერი კლინიკების ხელმძღვანელები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხვდებიან.
მესამე კვირაა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მოთხოვნა უცვლელია - გადავადდეს მთავრობის 520-ე დადგენილება, რომელიც ძალაში 21 დეკემბერს შევიდა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფების გათანაბრებას გულისხმობს.
სამედიცინო კლინიკებისა და ექიმების განცხადებით, სამინისტროს მიერ დაწესებული ტარიფები, სხვადასხვა ოპერაციისა და მომსახურებისთვის, ბაზარზე არსებულთან შედარებით, დაბალია და პერსონალის ხელფასს ან სხვა ხარჯს არ ითვალისწინებს. მათი თქმით, შექმნილი ვითარება პრობლემას უქმნის კარდიოლოგიასა და კრიტიკულ მედიცინას - ეს სწორედ ის ორი მიმართულებაა, რომელთაც სამინისტრომ ერთიანი ტარიფი დაუდგინა.
საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პრეზიდენტი კახაბერ ეცადაშვილი იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც 520-ე დადგენილებამ მათ შეუქმნა. ამბობს, რომ მათ დარგს, არითმოლოგიას, საფრთხე ექმნება, რადგან დაბალფასიანი პროდუქცია უბრალოდ არ შემოდის. გარდა ამისა, დადგენილება მათ იძულებულს ხდის, რომ დროთა განმავლობაში სამედიცინო მომსახურების ხარისხმა დაიწიოს.
ახლად დადგენილი ფასების განხილვისას, ექიმებს მაგალითად მოჰყავთ დეფიბრილატორის ფასი, რომელიც, საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის თანახმად, 5200$-ია, დაახლოებით 15300 ლარზე მეტი. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ფასში კი შემოთავაზებულია 13500 ლარი.
სამინისტროს პასუხი განფასებასთან დაკავშირებით ერთია: „კლინიკების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შევისწავლეთ რეალური დანახარჯები და ანალიზის შედეგად ჩამოყალიბდა ერთიანი ტარიფი, პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკისთვის“.
კონკრეტულად დეფიბრილატორზე კითხვის დასმისას სამინისტრო აპელირებდა ერთ-ერთ მომწოდებელზე (დასახელების გარეშე), რომელიც შეესაბამებოდა მის მიერ დადგენილ ფასს.
კომპანიამ, რომლის მიწოდებულ ფასსაც სავარაუდოდ ეყრდნობა ჯანდაცვის სამინისტრო დეფიბრილატორზე საუბრისას, საქართველოს გულის რიტმის ასოციაციას წერილი მისწერა. მათ განმარტეს, რომ „რესპუბლიკურ საავადმყოფოს“, რომელიც სახელმწიფოსგან ფინანსდება და განსაზღვრული აქვს ბიუჯეტი 1 წლის ვადით, არ შეეძლო მიმწოდებლებისგან შეეძინა სტანდარტული ტარიფით შეთავაზებული პროდუქტი, ამიტომ „მწარმოებლის უპრეცედენტო, საგამონაკლისო მხარდაჭერით შეირჩა კონკრეტული სახეობის აპარატები: კარდიოსტიმულატორები და დეფიბრილატორები, წინა თაობის, შედარებით იაფი მოდელებიდან და ლიმიტირებულად გამოიყო მათთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
რადიო თავისუფლება ამ წერილის სრულ ვერსიასაც გთავაზობთ.
შესაბამისად, გამოდის, რომ ამ შემთხვევაში, დაბალი ტარიფი არ განსაზღვრავს მიმწოდებლის დადგენილ საბაზრო ფასს და იყო მხოლოდ გამონაკლისი, ამას კი, სავარაუდოდ, დაეყრდნო სამინისტრო და ფასი ისე დასწია, რომ კერძო კლინიკებს აღნიშნული აპარატების ზარალის გარეშე შეძენა აღარ შეუძლიათ.
კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის დეკანი ვატო სურგულაძე იზიარებს სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენელთა პრეტენზიებს. მისი შეფასებით, რისკები, რაზეც ექიმები საუბრობენ, რეალურია და კარდიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის დარგი ასეთ პირობებში შეიძლება გაჩერდეს.
ექსპერტების თქმით, კლინიკებს ამ წლის შესყიდვები განხორციელებული აქვთ და მარაგებს იყენებენ მანამ, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება, თუმცა, თუკი მთავრობა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ვერ შეთანხმდებიან, მომდევნო წლის შესყიდვებისას კლინიკებს სერიოზული კრიზისი შეექმნებათ.