გაუპატიურებაში ბრალდებულ პოლიციელს ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დახურულ ფორმატში წარიმართა ჩხოროწყუს პოლიციის თანამშრომლის აირი დარსალიას სასამართლო პროცესი. მას ბრალი სსკ-ის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გაუპატურებას გულისხმობს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დანაშაული არ ჩაუდენია.
„ლაივპრესის“ ცნობით, საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ჯემალ ჭკადუა ამბობს, რომ მათ ინფორმაცია მომხდარის შესახებ თავად დაზარალებულმა მიაწოდა.
„ჩვენი მონაწილეობით განხორციელდა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება, რის შემდეგაც პროკურატურამ მიიჩნია, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, ბრალდებულისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა მიმალვის და მტკიცებულებების მოპოვებაში ხელის შეშლის საფრთხე. ამიტომ, აღკვეთის ფორმად პატიმრობა გამოიყენა", - აღნიშნა ჯემალ ჭკადუამ.