სპეციალისტები: 2017 წელს მაკრონის საარჩევნო შტაბის სერვერებზე იერიშის უკან გრუ იდგა
კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტებმა რუსეთის სამხედრო დაზვერვას დაუკავშირეს 2017 წელს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის საარჩევნო შტაბის სერვერის გატეხვა. ამის შესახებ Le Monde-ი იტყობინება Google-ისა და კიბერუსაფრთხოების ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული კომპანიის, FireEye-ის კვლევით ჯგუფებზე დაყრდნობით.
მაკრონის შტაბის მიმოწერაში შეღწევის შესახებ ცნობილი გახდა 2017 წლის გაზაფხულზე. ინტერნეტში გამოქვეყნდა 9 გიგაბაიტი დოკუმენტები არჩევნებისთვის მზადების თაობაზე, მათ შორის, ათიათასობით წერილი პოლიტიკოსის საარჩევნო შტაბის თანამშრომელთა მიმოწერიდან. იმავე წლის ივლისში შტაბის 20 ათასზე მეტი წერილი გამოაქვეყნა WikiLeaks-მა.
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტთა მონაცემებით, მაკრონის შტაბზე თავდასხმის უკან დგანან დაჯგუფებები Fancy Bear-ი და Sandworm-ი. ორივე გრუ-სთან დაკავშირებულ რუსულ დაჯგუფებებად ითვლება. ამ ჯგუფების ჰაკერებს სხვადასხვა დროს ადანაშაულებდნენ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის, მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტოსა და ევროპარლამენტის მოხელეთა სერვერების გატეხვაში.
რუსეთი ტრადიციულად უარყოფს ნებისმიერ კიბერთავდასხმასთან კავშირს.