კიევის თქმით, ჰააგის სასამართლოს გადასცა მასალები სეპარატისტთა სამხედრო დანაშაულებების შესახებ
კიევის თქმით, მან ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცა საბუთები, რომლებიც ადასტურებს აღმოსავლეთუკრაინელი სეპარატისტების მიერ უკრაინის არმიის ჯარისკაცების სიკვდილით დასჯას.
უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მოეპოვება ფოტო- და ვიდეომასალა, რომელიც ადასტურებს რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების მიერ უკრაინის ცხრა სამხედრო მოსამსახურის მკვლელობას 2014 წელს სამხედრო მოქმედებების დროს ილოვაისკში და 2015 წელს დებალცევოში. მასალები მომზადებულია უკრაინის ადამიანის უფლებების ჰელსინკის კავშირთან თანამშრომლობით.
როგორც გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, მის ხელთ არსებული მასალები მეტყველებს, რომ მკვლელობები ჩაიდინა ე.წ. დონის არმიის კაზაკთა რაზმების კავშირმა. ფოტო- და ვიდეომასალა, ასევე თვითმხილველთა მონათხრობი, ადასტურებს, რომ ისინი მოკლეს ტყვეობისას.
„ამნესტი ინტერნეიშნელმა“ 2015 წელს განაცხადა, რომ მოეპოვება რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან „სიკვდილით დასჯის სტილში მკვლელობების“ დამადასტურებელი საბუთები.
მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული დაიკავა, აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის აპრილის შემდეგ 13000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ილოვაისკში 2014 წლის სექტემბრის და დებალცევოში 2015 წლის თებერვლის საბრძოლო მოქმედებები განსაკუთრებით სასტიკი იყო. დასავლეთის დაზვერვისა და ადგილზე მომუშავე ჟურნალისტების თქმით, სეპარატისტებს რუსეთის რეგულარული სამხედრო ნაწილები უწევდნენ დახმარებას.