მოსკოვიდან დაბრუნებული ნინო ბურჯანაძე: ეს არ იყო ბოდიში, ეს იყო წუხილი
მოსკოვიდან თბილისში დაბრუნებული ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საკითხზე ბოდიში კი არ მოიხადა, არამედ წუხილი გამოთქვა.
„ბოდიში არ იყო. ეს იყო წუხილი იმასთან დაკავშირებით, რაც მოჰყვა ამ პროცესებს, როგორც აქციის დარბევასთან დაკავშირებით, ასევე, იმ ძალიან უკიდურესად, ასე ვთქვათ, პროტესტის უზრდელურ ფორმასთან დაკავშირებით, რომელიც ზოგიერთმა კონკრეტულმა ადამიანმა გამოხატა. ეს ნამდვილად არ ეკადრება ქართველებს“, - ამბობს ბურჯანაძე.
ზაფხულში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის სესიის მიმდინარეობისას, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვამ ქართული საზოგადოების ნაწილი გააღიზიანა, რის გამოც ქუჩის საპროტესტო აქციები დაიწყო. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო TASS-ის ცნობით, ნინო ბურჯანაძემ ბოდიში მოიხადა, საქართველოს პარლამენტში „მომხდარი ანტირუსული პროვოკაციისთვის“.
პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე მოსკოვში 3 დეკემბერს გაფრინდა. ბურჯანაძის თქმით, აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე საუბარს იწყებდა ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხით, რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთშია დაკავებული.
„რუსეთის პოლიტიკოსები ძალიან კარგად ხედავენ ამ საკითხის არა მარტო ადამიანურ, არამედ პოლიტიკურ მნიშვნელობასაც“, - ამბობს ბურჯანაძე და აგრძელებს, რომ მიიღო დაპირებები, რომ ქართველი ექიმი მაქსიმალურად სწრაფად დაბრუნდება სახლში და რუსეთი ამ პროცესს ხელს შეუწყობს.