გიორგი მიქაუტაძე მოსამართლეების არჩევაზე: ეს იყო უპრეცედენტო პროცესი, ანალოგის მოძებნა გაგიჭირდებათ
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩეულმა გიორგი მიქაუტაძემ 14 დეკემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი იყო „მაქსიმალურად გამჭვირვალე, რათა საზოგადოებას სრულყოფილი სურათი ჰქონოდა აღნიშნულ საკითხზე“.
მისი შეფასებით, ასეთი უპრეცედენტო პროცესი არც საქართველოში ყოფილა აქამდე და მისი ანალოგის მოძებნა, ალბათ, საზღვარგარეთაც გაჭირდება.
„ჩვენ ძალიან ბევრი ქვეყნის პრაქტიკა შევისწავლეთ. ასეთი დეტალური რეგულაციები და ასეთი გამჭვირვალე პროცესი, ვფიქრობ, რომ ძალიან იშვიათია. ეს იყო პირველად, როდესაც ასე წარიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა და როგორც საბჭოში, ასევე საქართველოს პარლამენტში ყველა შესაძლო კითხვა იყო დასმული კანდიდატებისთვის და ყველას ჰქონდა უფლება, რომ ამ პროცესში მიეღო მონაწილეობა“, - განაცხადა მიქაუტაძემ.
უზენაესის სასამართლოს არჩეული მოსამართლის თქმით, მას ესმის, რომ შესაძლოა, არსებობდეს გარკვეული სახის კრიტიკული მოსაზრებები თავად პროცესთან მიმართებით, თუმცა, მისი აზრით, „შეფასებები არის დადებითი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ“.
გიორგი მიქაუტაძემ უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, თუ ვინ გახდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - მისი სიტყვებით, უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე პოტენციურად შესაძლებელია გახდეს თავმჯდომარეობის კანდიდატი, თუმცა მიქაუტაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე საბჭოში კონსტულტაციები არ მიმდინარეობს.