განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 15 წლის მოზარდის გარდაცვალების შესახებ
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ლუკა სირაძის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.
„შეძრწუნებულები ვართ მომხდარით და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თანასკოლელებს. სამინისტროს მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები გააგრძელებენ მე-100 და 169-ე საჯარო სკოლებსა და „მწვანე სკოლაში” მოსწავლეებთან მუშაობას, რათა დაეხმარონ მათ ამ უდიდესი სტრესის გადალახვაში“, - ნათქვამია წერილში.
15 წლის მოზარდი, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს, ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.
ოპერაცია საჭირო გახდა ტვინის შეშუპების დაწყების გამო.
გამოძიების თანახმად, არასრულწლოვანი საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადახტა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია თვითმკვლელობამდე მიყვანის და ჩვენების მიცემის იძულების მუხლებით.
მეათე კლასის მოსწავლემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო მოწმის სტატუსით გამოკითხეს.
16 დეკემბერს მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს, მათივე ინიციატივით, შეუჩერდათ უფლებამოსილება.