დავით ასათიანი: ფორმალურად ვაჟა გაფრინდაშვილის განაჩენის გასაჩივრების 10-დღიანი ვადა არსებობს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაპატიმრებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო განაჩენი ადვოკატებს ჯერ არ გადასცემიათ. სწორედ განაჩენის გადაცემის შემდეგ გადაწყდება, რა სამართლებრივი პროცედურებით გაგრძელდება ბრძოლა. როგორც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ, დავით ასათიანმა განუცხადა ჟურნალისტებს, ეს სავარაუდოდ მომავალ კვირაში მოხდება.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, ფორმალურად ე.წ. გადაწყვეტილების გასაჩივრების 10-დღიანი ვადა არსებობს, მთლიანობაში კი ღონისძიებები კომპლექსური ხასიათისაა:
„როგორც ვიცი, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და პრემიერ-მინისტრს შორის შეხვედრა შედგა და გარკვეული ღონისძიებები დაიგეგმა. ჩვენ და ოჯახი ორშაბათიდან შევეცდებით, რეალიზაცია მოვახდინოთ ზოგიერთი სამართლებრივი ხასიათის ინსტრუმენტის და ამაზე დამატებით ჩვენ განცხადება კიდევ გვექნება. ამასთანავე, საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო მექანიზმებით, დიპლომატიური გზებით და ყველა შესაძლო არხით მუშაობა გრძელდება, რათა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა დასრულდეს. ოჯახის მხრიდან არის მოლოდინი, რომ მაქსიმალურად გააქტიურდება და კოორდინაციაში იქნება ყველა მოქმედება, რაც დაკავშირებულია ვაჟა ექიმის გათავისუფლებასთან“, - აღნიშნა დავით ასათიანმა.
20 დეკემბერს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს „ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ მას ახალგორში დაშავებული პაციენტისთვის დახმარების გაწევა სურდა.
დე ფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით.