ჟურნალისტი სტანისლავ ასეევი სეპარატისტებმა კიევს გადასცეს. პატიმრების გაცვლის პროცესი დასრულდა
დონბასელმა სეპარატისტებმა 29 დეკემბერს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცეს ჟურნალისტი სტანისლავ ასეევი, რადიო თავისუფლების პროექტ „Донбасс.Реалии“-ს თანამშრომელი, რომელსაც 15 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი და ორი წელი იხდიდა სასჯელს მკაცრი რეჟიმის საპატიმროში.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, სტანისლავ ასეევი იმ 76 უკრაინელს შორისაა, რომლებიც პატიმრების გაცლის პროცესში გათავისუფლდნენ.
პატიმრების გაცვლის ორმხრივი პროცესი, რომელიც 29 დეკემბერს დილით დაიწყო საკონტროლო გამშვებ პუნქტ „მაიორსკოესთან“, უკვე დასრულებულია. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური საიტის თანახმად, უკრაინას გადაეცა 76 მოქალაქე, რომლებიც რუსეთის ფედერაციისა და დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ რესპუბლიკებში ჰყავდათ დაპატიმრებული.
პასუხად კიევმა 127 კაცი გაათავისუფლა. თუმცა, მათგან 17-მა უარი თქვა სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებაზე.