ლონდონის სასამართლო ასანჟის ექსტრადიციის შესახებ მსჯელობს
ლონდონის სასამართლოში დაიწყო მოსმენა „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის ექსტრადიციის საქმეზე აშშ-ში, სადაც ჯულიან ასანჟს სისხლის სამართლის კოდექსის 18 მუხლის მიხედვით ედება ბრალი, მათ შორის - ჯაშუშობაში.
აშშ მას ადანაშაულებს საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებაში, ისევე როგორც აშშ-ის არმიის ყოფილ წევრთან, ჩელსი მენინგთან შეთქმულებაში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერში უკანონოდ შესაღწევად.
ჯულიან ასანჟი 24 თებერვალს წარდგა ვულვიჩის სამეფო სასამართლოს წინაშე, სადაც ლონდონის ციხიდან მიიყვანეს. იგი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება მას შემდეგ, რაც 10 თვის წინ პოლიციამ გამოიყვანა ეკვადორის საელჩოდან, სადაც ასანჟი შვიდი წლის განმავლობაში იმალებოდა.
48 წლის ასანჟი, მისი ადვოკატები და მომხრეები ეწინააღმდეგებიან ექსტრადიციას აშშ-ში, რადგან შიშობენ, რომ WikiLeaks-ის მიერ ასობით ათასი საიდუმლო დოკუმენტის გამოქვეყნების გამო გაასამართლებენ და სიკვდილით დასჯიან.
ასანჟი, რომელიც ამჟამად ლონდონის ციხეში იმყოფება, უარყოფს მის წინააღმდეგ 2010 წელს წარდგენილ ბრალდებას.
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარმა, დუნია მიატოვიჩმა, მოუწოდა ბრიტანეთს, რომ აზრის თავისუფლად გამოხატვისთვის ასანჟი არ გადაეცეს აშშ-ის ხელისუფლებას.