ავღანეთის უშიშროების ძალებმა მოკლეს „ალ-ყაიდის“ ერთ-ერთი ლიდერი აბუ მუჰსინ ალ-მასრი
ავღანეთის უშიშროების ძალებმა მოკლეს აბუ მუჰსინ ალ-მასრი, „ალ-ყაიდის“ ხელმძღვანელთაგან ერთ-ერთი წამყვანი პირი, რომელზეც ასევე შეერთებულ შტატებსაც ჰქონდა გამოცხადებული ძებნა. ავღანეთის უშიშროების ეროვნულმა დირექტორატმა გამოაცხადა, რომ ალ-მასრი, რომელიც „ალ-ყაიდის“ იერარქიაში მეორე ნომრად მიიჩნეოდა, სპეცსამსახურების მიერაა მოკლული ღაზნის პროვინციაში. უწყებას არ დაუზუსტებია ოპერაციის დეტალები და დრო.
ეგვიპტური წარმომავლობის ალ-მასრი „ალ-ყაიდის“ ლიდერი იყო ინდოეთის სუბკონინენტზე და ის ტერორისტულ ორგანიზაციაში მედიასთან დაკავშირებულ საკითხებს განაგებდა.
ამასობაში ყატარში გრძელდება მოლაპარაკებები ავღანეთის ხელისუფლებასა და თალიბანს შორის, რომლის მიზანია 19-წლიანი ომის დასრულება.
25 ოქტომბერს ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა მასუდ ანდარაბიმ განაცხადა, რომ ალ-მასრის მოკვლა თალიბანისა და „ალ-ყაიდის“ კავშირებზე მიანიშნებს.
სამშვიდობო მოლაპარაკებების მიუხედავად, მეამბოხეებსა და ავღანეთის უშიშროების ძალებს შორის შეტაკებები თითქმის ყოველდღე ხდება.