ბუბა კიკაბიძემ „თბილისოს“ რუსული ვერსიაც იმღერა ენმ-ის სარჩევნო კამპანიის შეკრებაზე
თბილისში, თავისუფლების მოედანზე ენმ - „ძალა ერთობაშია“-ს საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეკრება მიმდინარეობს. ღონისძიება საარჩევნო ბლოკის პირველმა ნომერმა, მომღერალმა და მსახიობმა ბუბა კიკაბიძემ სიმღერით გახსნა, მათ შორის, იყო „თბილისოს“ რუსული ვერსია.
ბუბა კიკაბიძეს არაერთხელ უთქვამს, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთს ოკუპანტს უწოდებს. ის ამბობს, რომ უარი თქვა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ჯილდოზე, ღირსების ორდენზე. რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ კიკაბიძე რუსეთში აღარ ჩასულა.
შემაჯამებელ საარჩევნო შეხვედრებს მართავენ საარჩევნო სუბიექტები. „ქართული ოცნება" ამომრჩეველს საკუთარ საარჩევნო პროგრამებს რეგიონების მიხედვით აცნობს და მაჟორიტარობის კანდიდატებს წარუდგენს. გუშინწინ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა „ევროპულმა საქართველომ" თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე. გუშინ ამავე ადგილზე - „ლელომ". დღეს კი მსგავს ფორმატში ამომრჩეველს ნინო ბურჯანაძის პარტია "ერთიანი საქართველო" გორში შეხვდა.
„სტრატეგია აღმაშენებელმა" დასკვნითი შეხვედრა დღეს, 29 ოქტომბერს, ისანში გამართა, სადაც მოძრაობის ლიდერი, გიორგი ვაშაძე იყრის კენჭს. აქციებს მართავდა „პატრიოტთა ალიანსიც". მოქალაქეებს ყველა შეხვედრაზე სატელეფონო ზარებზე პასუხს ჰპირდებოდა პარტია „მოქალაქეების" წევრები, „თავისუფალი საქართველო" კი ამომრჩეველს წამლების გაიაფებაზე ესაუბრებოდა. „გირჩმა" კორონავირუსის პირობებში საარჩევნო კამპანიებისთვის კაფე-ბარები გამოიყენა, რომლებიც შტაბებად გადააკეთა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.