არჩევნების დაწყების შემდეგ პოლიციამ გამოძიება დაიწყო სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე
საქართველოს შსს-ს მიერ 15:00 საათისთვის გამოქვეყნებული მონაცემებით, არჩევნების დღეს გამოძიება დაწყებულია სავარაუდო დანაშაულის 6 ფაქტზე - სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით(ძალადობა) და 162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით(კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობა, ან ძალადობის მუქარა ჯგუფურად).
შსს-ს ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია:
თბილისში, მეორმოცე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' აქტივისტ ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე(126-ე მუხლი);
ქუთაისში, 37-ე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე "ლეიბორისტების" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კიკვაძემ განაცხადა, რომ უცნობმა პირებმა მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა(162-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილი);
თბილისის ისნის 39-ე და მარნეულის რაიონის სოფელ დაშტაფის 52-ე და სოფელ ყიზილაჯლოს 89-ე საარჩევნო უბნებზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტებზე(126-ე მუხლი).