ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან დე ფაქტო ხელისუფლებამ ჩორჩანის საგუშაგოს მოხსნის საკითხი დააყენა
ოკუპირებულ ცხინვალში დასრულდა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეების შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ეს იყო ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის მოსამზადებელი შეხვედრა, რომლის გამართვაც დეკემბერშია დაგეგმილი. თანათავმჯდომარეებს ევროკავშირიდან, გაერო-დან და ეუთოდან, ტოივო კლაარს, ჯიხან სულთანოღლუს და რუდოლფ მიხალკას არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ პრეტენზიებზე ესაუბრნენ.
„საქართველოს უკანონო საგუშაგო სოფელ უისტაში (წნელისი) არის მუდმივი დესტაბილიზაციის წყარო საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვარზე“, - ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა განაცხადეს.
შეხვედრის საკითხების შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება. „საზღვარზე უსაფრთხოების საკითხებზე რომ ვისაუბროთ, უნდა დავიწყოთ იმით, რომ სოფელ უისტასთან საქართველოს უკანონო საგუშაგო უნდა მოიხსნას, რაც იქნება კარგი იმპულსი ვითარების ნორმალიზაციისთვის საზღვრის გასწვრივ, რაც თანხვედრაშია საზღვრის ორივე მხარის მოსახლეობის ინტერესებთან“, - უთხრა სააგენტო „რესს“ დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევმა.
დე ფაქტო ხელისუფლებამ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას, კიდევ ერთხელ მოითხოვა, ხელი მოეწეროს შეთანხმებას საქართველოს მხრიდან ძალის გამოუყენებლობის შესახებ. გარდა ამისა, დე ფაქტო მთავრობა აპროტესტებს გაერო-ში დევნილთა დაბრუნების საკითხებზე რეზოლუციების მიღებას და თანათავმჯდომარეებს მოუწოდებს ეს თემები ჟენევის დისკუსიის ფორმატში განიხილონ.
ჟენევის დისკუსიის შეხვედრები წელს არ გამართულა, მარტში დანიშნული შეხვედრა ოქტომრისთვის გადაიდო, რომელიც რუსეთის და ოკუპირებული რეგიონების დელეგაციების უარის გამო ჩაიშალა. თანათავმჯდომარეები ახლა ცდილობენ, რომ მორიგი რაუნდის ჩატარება დეკემბერში შეძლონ.
რაც შეეხება ცხინვალში წამოჭრილ საკითხებზე საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, ცნობილია, რომ სოფელ ჩორჩანის ტყის მასივში განთავსებული პოლიციური საგუშაგოს დემონტაჟს საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, რადგან ის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს და საფრთხეს არ უქმნის ოკუპირებულ წნელისში მცხოვრებ მოსახლეობას.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ იურიდიულად დამავალდებულ დოკუმენტის გაფორმებას კი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან განიხილავს, რადგან 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ინტერვენცია მოხდა საქართველოში და დღემდე არაა შესრულებული მედვედევ-სარკოზის ექვსპუნქტიანი შეთანხმება, რაც ქვეყნის დეოკუპაციას ითვალისწინებს.
ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ცხინვალში წასვლამდე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილეს ლაშა დარსალიას შეხვდნენ, რომლისგანაც ის საკითხები მოისმინეს, რომლის დაყენებასაც თბილისი მორიგ რაუნდზე გეგმავს. ესაა უკანონო „ბორდერიზაციის“ და საქართველოს უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების თემები. დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა დღესვე დატოვეს ცხინვალი. ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის ჩატარება 10-11 დეკემბერს იგეგმება.