გიორგი გაბუნიას "ლიკვიდაციის საქმეზე" დაკავებულ პირს ბრალი 4 მუხლით წაუყენეს
"მთავარი არხის" ჟურნალისტს, გიორგი გაბუნიას შესაძლო "ლიკვიდაციის საქმეზე" დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, დაკავებულს კი 4 მუხლით ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, პირი, რომელიც ვასამბეკ ბოკოვის სახელით დააკავეს, რეალურად, რუსეთის მოქალაქე მაგომედ გუციევია. უწყებამ მას ბრალი დღეს, 27 ნოემბერს ოთხი მუხლით, კანონო თვალთვალის და მის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მოტივით წაუყენა. მას ამ მუხლებით მაქსიმუმ 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
სისხლის სამართლის კოდექსის 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, ადევნებისთვის პირი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ;
სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილით, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე;
სისხლის სამართლის კოდექსის 344 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე;
სისხლის სამართლის კოდექსის 362 მუხლის პირველი ნაწილით, ყალბი პირადობის მოწმობის ან სხვა ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
ბრალის წაყენების შემდეგ ეს საქმე სასამართლოში დამოუკიდებელ საქმედ წავა. ცალკე გამოიყოფა გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის საქმეზე დაწყებული გამოძიება.
12 ივნისს, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების საქმის გამოძიების ფარგლებში, დააკავეს რუსეთის მოქალაქე მამაკაცი, ვასამბეკ ბოკოვი. სამიზნე, სავარაუდოდ, ჟურნალისტი გიორგი გაბუნია იყო.
15 ივნისს "მთავარი არხის" დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა, მისი მოადგილისა და არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ირიბად დაადასტურა.
გაბუნიას მიმართ დაგეგმილ ლიკვიდაციის მცდელობას უკავშირებენ 2019 წლის 7 ივლისს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის გინებას. მაშინ გაბუნია "რუსთავი 2"-ში მუშაობდა და გადაცემა "პოსტსკრიპტუმი" მიჰყავდა.
ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა გიორგი გაბუნიას რუსეთის პრეზიდენტის გინების შემდეგ დამალვა ურჩია, რადგან, მისი თქმით, "არსებობს მილიონობით ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს".