პური არ გაძვირდება - სოფლის მეურნეობის მინისტრი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ იმგვარად, რომ პურზე ფასი არ გაიზარდოს, ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ლევან დავითაშვილის განმარტებით, პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება და 4 თვის განმავლობაში, 31 მარტამდე იმოქმედებს.
„მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება. პროგრამა იმოქმედებს 4 თვის განმავლობაში, 31 მარტამდე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე განმარტებით, შემოდგომის განმავლობაში, არსებობდა ხორბლის საკმარისი მარაგები, დაახლოებით 100 ათას ტონაზე, რაც ფასის დაბალანსების საშუალებას იძლეოდა, თუმცა სექტემბრიდან ხორბალზე ფასი შავი ზღვის აუზის ქვეყნებში საკმაოდ გაძვირდა - ზრდა დაახლოებით 200-დან 270 აშშ დოლარამდე იყო, რაც მნიშვნელოვან წინაპირობებს ქმნიდა ხორბლის ფქვილის ფასის გასაზრდელად და ეს ჯაჭვურად აისახებოდა ხორბლის ფქვილისგან დამზადებული პროდუქციის ფასზე.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, 50-კილოგრამიანი პირველი ხარისხის ხორბლის ერთი ტომარა ფქვილის ფიქსირებული ფასი 53 ლარით განისაზღვრა და ეს არის პირობა წისქვილებისთვის.
„ამ შემთხვევაში სახელმწიფოს სუბსიდირება იქნება არაუმეტეს 10 ლარისა 50-კილოგრამიან ტომარაზე, რის შედეგადაც პროგრამაში ჩართული წისქვილები შემოგვთავაზებენ სხვადასხვა ფასს, გარკვეული კონკურენციაც იქნება, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ სახელმწიფო რესურსი და ეს სუბსიდირება სახელმწიფოს დაუჯდეს უფრო ნაკლები თანხა, მაგრამ შედეგი მივიღოთ იგივე - არ გაიზარდოს არც ხორბლის ფქვილის და არც პურის ფასი. დაახლოებითი ბიუჯეტი ჩვენი მხრიდან შეფასებულია თვეში 2-2,5 მილიონი ლარი, რაც მთელი პროგრამის ბიუჯეტს 10 მილიონამდე ლარით განსაზღვრავს“, - განაცხადა მინისტრმა.
ასევე ნახეთ: რატომ გაძვირდა თელავში გამომცხვარი პური, რა ხდება სხვა ქალაქებში და რა მოლოდინი აქვთ სპეციალისტებს?