აზერბაიჯანის ფუზულის რაიონში 4 კაცი დაიღუპა ნაღმზე აფეთქების შედეგად
შაბათს აზერბაიჯანის მიერ გათავისუფლებულ ფუზულის რაიონში აზერბაიჯანის 4 მოქალაქე დაიღუპა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმზე მანქანის აფეთქების შედეგად. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, "ტოიოტას" მარკის მანქანა ნაღმზე აფეთქდა ფუზულის რაიონის სოფელ აშაღში, რომელიც აზერბაიჯანის არმიამ 27 სექტემბრის შემდეგ წამოწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგად გაათავისუფლა.
რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ცნობით, მომხდარ ფაქტზე აზერბაიჯანის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აგრესიული ომის დაგეგმვის, წარმოებისა და ჰუმანიტარული სამართლის ხელყოფის მუხლით.
27 სექტემბრიდან მთიანი ყარაბაღის გარშემო მიმდინარე საომარი მოქმედების დროს, აზერბაიჯანის ინფორმაციით, დაიღუპა 100 და დაიჭრა დაახლოებით 400 მშვიდობიანი მოქალაქე.