ხმების ხელახლა დათვლამ ჯო ბაიდენის გამარჯვება კიდევ ერთ შტატში დაადასტურა
აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნებში მიცემული ხმების ნაწილის ხელახლა დათვლამ დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა ვისკონსინის შტატშიც.
ორ ოლქში ხმების გადათვლა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა მოითხოვა. დეინის ოლქში ბაიდენმა 91 ხმა დაკარგა, ტრამპმა კი - 46, რაც ძირითადად, გამოწვეული იყო ბიულეტენებზე ამომრჩეველთა ხელმოწერის არარსებობით, ხოლო მილუოკის ოლქში ჯო ბაიდენს 132-ით მეტი ხმა აღმოაჩნდა.
საბოლოო ჯამში, ვისკონსინის შტატში ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპზე 20 ათასით მეტი ხმა მიიღო. ხმების ხელახლა დათვლის ხარჯი, დაახლოებით 3 მილიონი დოლარი ტრამპის შტაბმა უნდა დაფაროს. ათი დღის წინ, ხმების ხელახლა დათვლამ ბაიდენის გამარჯვება დაადასტურა ჯორჯიის შტატშიც.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი, რომელიც მყარი მტკიცებულებების გარეშე აცხადებს, რომ 3 ნოემბრის არჩევნები გაყალბდა, სასამართლო დავებით და ხმების ხელახლა დათვლით ცდილობდა საკუთარი გამარჯვების დამტკიცებას, თუმცა, ეს პროცესი მისთვის უშედეგოდ დასრულდა. არჩევნების წინასწარი შედეგებით, დონალდ ტრამპს საარჩევნო კოლეგიიდან 232 ხმა აქვს, ხოლო ჯო ბაიდენს - 306.
ამერიკელები პრეზიდენტს ირჩევენ შტატების მცხოვრებთა რაოდენობის პროპორციულად დაკომპლექტებული 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიის მეშვეობით. არჩევნებში გასამარჯვებლად პრეზიდენტობის კანდიდატს სჭირდება სულ მცირე 270 ხმა. კოლეგია საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო, ოფიციალურ შედეგს 14 დეკემბერს გამოაცხადებს. აშშ-ის ახალი, 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.