გიგა მაქარაშვილი მოხალისეობრივ საქმიანობაზე: ეს ქვეყანა სავსეა ძალიან კეთილი ადამიანებით
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი კოვიდპანდემიისა და მის გამო დაწესებული შეზღუდვებით დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე საუბრისას ამბობს, რომ მოხალისეობრივი საქმიანობით ძალიან ბევრი ადამიანის დახმარება და გადარჩენაა შესაძლებელი. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ მან ამ მიმართულებით საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვაა, რისი გაკეთებაც ყველას შეუძლია:
„თუ თვლით, რომ შეგიძლიათ ერთი ადამიანი მოძებნოთ, ვისაც უბრალოდ საკვები უჭირს, უბრალოდ რაღაც მინიმალური წამალი შეგიძლიათ მიაწოდოთ, არავის დახმარება არ გჭირდებათ, უბრალოდ აიღეთ და ოჯახის პლუს ერთ წევრად, რომელსაც დახმარება სჭირდება, ასე აღიქვით. გამოგვივა ყველაფერი იმიტომ, რომ ეს ქვეყანა არის სავსე ძალიან კეთილი ადამიანებით. რა წამსაც ამას დაიწყებთ, სულ სხვანაირად დატრიალდება დედამიწა თქვენს გარშემო. დამიჯერეთ, ასე მოხდა ჩემს შემთხვევაშიც“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა. მისი თქმით, თავად მოხალისეობრივი საქმიანობა ერთი ფეისბუკპოსტით მარტომ დაიწყო და ახლა ამ საქმეში 500-ზე მეტი ადამიანია ჩართული:
„საქართველოს ფაქტობრივად ყველა ქალაქში ჩემი ინიციატივის გარშემო შექმნილი ჯგუფები უკვე იზრდებიან და დიდ ჯგუფებად ყალიბდებიან. ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი, სენაკი, აქეთ თელავი, გორი. ძალიან კარგად, ძალიან კარგად იქოქებიან... არ ჩერდება ჩემი ტელეფონი, ცალკე შემოთავაზებებით, ვის რით შუძლია დახმარება, ცალკე მძღოლები, ვის შეუძლია რაღაცეების წაღება და ცალკე ადამიანებით, ვინც ითხოვენ დახმარებას თავისთვის, მეგობრისთვის, მეზობლისთვის ან ნათესავისთვის. არ გამოდის ისე, რომ ყველას ყველაფრით დავეხმაროთ. როგორც წესი, ასე ვერ ხდება ხოლმე, იმიტომ, რომ ადამიანებს ზოგს მთელი წლის ქირა აქვს გადასახდელი, ზოგს სწავლის ფული აქვს გადასახდელი, მაგრამ ის ელემენტარული, რაც საჭიროა რომ ჰქონდეთ, ჰქონდეთ სადეზინფექციო ხსნარები, ჰქონდეთ პირბადეები, აუცილებელი წამლები, საკვები, ამას ფაქტობრივად ყველას ვეხმარებით იმიტომ, რომ არც ერთი წუთით არ გაჩერებულა თანხის ჩარიცხვა“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა რადიო თავისუფლების დილის საუბრებში.
27 ნოემბერს საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები უფრო გაამკაცრა. ახალი შეზღუდვების ერთი ნაწილი უკვე 28 ნოემბრიდან შევიდა ძალაში.
ასევე ნახეთ: ახალი შეზღუდვები ცნობილია: იხურება ობიექტები, ჩერდება საზ. ტრანსპორტი
საქართველოს მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება
8 ქალაქში მეტრო და ავტობუსი ჩერდება
საახალწლოდ, დიდ ქალაქებში ყველა სახის შეზღუდვა მოიხსნება
რომელ საქმიანობას არ ეხება შეზღუდვები