გერმანიის ქალაქ ტრირში იძიებენ მანქანის დაჯახების შედეგად გამვლელების სიკვდილს
გერმანიის დასავლეთში მდებარე ქალაქ ტრირში ორი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა მას შემდეგ, რაც ფეხით მოსიარულეებს ავტომანქანა დაეჯახა. როგორც DPA იტყობინება ადგილობრივ პრესაზე დაყრდნობით, დაპატიმრებულია 51 წლის მძღოლი - გერმანიის მოქალაქე. ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, თავი აარიდონ ქალაქის ცენტრს, სანამ მიმდინარეობს გამოძიება.
პოლიციამ საზოგადოებას მიმართა თხოვნით, არ გაავრცელონ ჭორები და შეუმოწმებელი ინფორმაცია და „დაემყარონ სანდო ცნობებს, რომლებიც ადგილობრივი პოლიციის Twitter-ში ქვეყნდება“.
გერმანიის საკონსტიტუციო დაცვის ფედერალური უწყების ხელმძღვანელმა, თომას ჰალდენვანგმა, ნოემბრის დამდეგს ტელეკომპანია ARD-ს განუცხადა, რომ გერმანიის სამართალდამცველი ორგანოები ფხიზლად უნდა იყვნენ „ისლამისტი ტერორისტებისგან მომდინარე საფრთხის გამო“.
ჰალდენვანგმა აღნიშნა, რომ ტერორისტული საფრთხის დონე კვლავაც „მაღალია“. მაშინ - ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში - ევროპაში რამდენიმე ტერაქტი მოხდა.